მევენახეობა

მევენახეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რ-ის დანიშნულებაა ვაზის მოვლა-მოყვანა. მ-ის პროდუქცია გამოყენების მიხედვით იყოფა 4 საწარმოო მიმართულებად: სუფრის ყურძნის წარმოება; საქიშმიშე ყურძნის წარმოება; ღვინისა და ბრენდის წარმოება; ყურძნის წვენის, ბადაგის, კომპოტის, მურაბის, მარინადისა და სხვა პროდუქტების წარმოება.

მ. უძველესი დარგია. კულტ. მ-ის საწყისი ენეოლითურ და ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. ამიერკავკ., შუა და წინა აზიის მოსაზღვრე რ-ნებში ვაზის კულტურა ცნობილი იყო ძვ. წ. რამდენიმე ათასეული წლის წინათ. სამხრეთ კავკასიიდან იგი მთელ სამყაროში გავრცელდა.

საქართველო მ-ის ერთ-ერთი უძველესი კერაა, აქ ვაზის გაშენება-მოვლის წესები ცნობილი იყო ძვ. წ. 3200-3300 წლის წინათ. ადგილ. მ-ის სიძველეზე მიუთითებს არქეოლ. და ეთნოგრ. მასალები, წერილობითი წყაროები, მდიდარი ხალხური ტერმინოლოგია და სხვ. განათხარი მასალა მოწმობს, რომ II ათასწლ. ბოლოს მ. საქართველოში უკვე საკმაოდ დაწინაურებული იყო. ამას ადასტურებს კახეთში აღმოჩენილი ვაზის ნამგლისებრი სასხლავი, რ-იც ბრინჯაოსაგან იყო დამზადებული; სოფ. ნინოწმინდის სამაროვანზე ნაპოვნი წიპწები, რაც რქაწითელისა და მწვანე ვაზის ჯიშის არსებობაზე მიუთითებს. კლდეში ნაკვეთი საწნახლები უფლისციხიდან (ძვ. წ. I ს.), წალდები ნოქალაქევიდან (IV-V სს.), თიხისა და ლითონისაგან დამზადებული სხვადასხვა ფორმისა და ზომის საღვინე ჭურჭელი საქართვ. ისტ.-გეოგრ. რეგიონებიდან მ-ის განვითარების დადასტურებაა, ხოლო ქვევრები და მარნები _ ღვინის წარმოების. ციხე-ქალაქ ვარძიის, იყალთოსა და ალავერდის მონასტრების ქვიტკირის მარნები დიდი ქვევრებით, ტერასებისა და ღვინის სასმისების მრავალფეროვნება შუა საუკუნეების საქართველოში განვითარებულ მ-ზე მიუთითებს.

აღსანიშნავი ფაქტია წმ. ნინოს მიერ საქართველოს გაქრისტიანება ვაზის ჯვრით (IV ს.). ვაზის ორნამენტები ჩვენი ეკლესია-მონასტრების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.

1875 ქვეყანაში ვენახების ფართობი 71200 ჰა იყო. XIX ს-ში გაშენდა ახ. ტიპის ვენახები და აიგო მარნები. დ. სარაჯიშვილმა ვაზის ქართული ჯიშების საფუძველზე დაიწყო კონიაკის წარმოება.

1980-თვის მსოფლიოში ვენახების ფართ. 10,0 მლნ. ჰა-ს აღწევდა, აქედან (ათ. ჰა-ობით) ევროპაში იყო 7200, აზიაში - 1300, აფრიკაში - 500, ამერიკაში - 900, ავსტრალიაში - 100. მ-ის ძირითადი ქვეყნები იყო ესპანეთი (1600 ჰა), იტალია (1400 ათ. ჰა), საფრანგეთი (1320 ათ. ჰა) და სსრკ (1360 ათ. ჰა). ვენახების ფართ. მიხედვით საქართველო (146 ათ. ჰა ვენახების 10-11%) მეხუთე ადგილს იკავებდა აზერბაიჯანის, მოლდავეთის, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ.

მსოფლიოში 7-10 ათ-მდე ვაზის ჯიშია გავრცელებული. 35 სავენახე ჯიშებს შორის ლიდერობს შარდონე (თეთრი) და კაბერნე სოვინიონი (წითელი); ცნობილია ვაზის 525-607 ქართული ჯიში. საქართვ. ვაზის სტანდარტულ სორტიმენტში შეტანილი 52 ჯიშიდან უმეტესობა ტექნიკურია (საღვინე), 14 კი - სუფრისა.

საქართვ. მ-ის 12 რეგიონს შორის ვენახის ფართობით და ყურძნის წარმოებით პირველ ადგილზეა კახეთი. აქ გაშენებულია ვენახების მთელი ფართობის 50%-ზე მეტი და მოჰყავთ ყურძნის 70% (გასული საუკუნის 80-იან წლებში ეს მაჩვენებელი შესაბამისად იყო 44-55%); მეორე ადგილზეა იმერეთი (19-26%); მესამეზე - ქართლი (12-15%). დანარჩენი ზონების ხვ. წ. შედარებით მცირეა, თუმცა მათგან ცნობილია ალექსანდროული და მუჯურეთული რაჭიდან, უსახელოური - ლეჩხუმიდან, ოჯალეში - სამეგრელოდან, ჩხავერი - გურიიდან, ავასირხვა - აფხაზეთიდან.

რქაწითელი და საფერავი მოჰყავთ კავკასიის, შუა აზიის, რუსეთის, უკრაინისა და აღმ. ევროპის ქვეყნებში, ხოლო საფერავი სამხრ. საფრანგეთსა და ავსტრალიის რეკომენდებულ ჯიშებს შორისაა შეტანილი. მ-ის უმთავრესი სამუშაო პროცესები (ვაზის დარგვა, პლანტაჟი, შპალერის მოწყობა, ნიადაგის დამუშავება, სასუქის შეტანა, მავნებლებ-დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის კულტივირება, მწვანე ოპერაციები) ძირითადად მექანიზებულია. ყურძნის კრეფა მანქანა-იარაღებით ხორციელდება. საქართველოში ახ. ტექნოლ. სიახლეები წარმატებით ინერგება. მეურნეობებში მექანიზაციის დონე მაღალია, რის გამოც ამ დარგის რენტაბელობა დიდია და პროდუქციის თვითღირებულება - მცირე. ამდენად მ. მეტად შემოსავლიანი დარგია, თუმცა ხელით შრომის პრაქტიკა წახალისებულია მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოების დროს. საქართველოში ვენახები 2 სახისაა: დაბლარი (შპალერზე გაშენებული ყლორტების ვერტიკალური ზრდის სისტემით) და მაღლარი (უმეტესად ტალავერის ტიპის). დაბლარი უმეტესად გავრცელებულია მეღვინეობის მიმართულების რეგიონებში, ხოლო მაღლარი - სასუფრე ყურძნისა და საკარმიდამო ნარგაობის ვენახში. არაკომერციულ ნარგაობებში (განსაკუთრებით დას. საქართველოში), ჯერ კიდევ შემორჩენილია ხეზე აშვებული, ტრადიციული, მაღლარად გაფორმებული ვაზები.

1998 ქვეყანაში მიიღეს კანონი "ვაზისა და ღვინის შესახებ", რ-იც არეგულირებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის საკანონმდებლო ბაზას საქართველოში. ქვეყანაში ვენახების 94% ვაზის ადგილ. ჯიშებითაა წარმოდგენილი, მათი მცირე ნაწილი სხვა ქვეყნების (ძირითადად ფრანგული წარმოშობის) ჯიშებსაც უჭირავთ. 2004 საქართველოში ჯიშების მიხედვით ვენახების ფართობის პირველი ხუთეული ასეთი იყო: რქაწითელი (თეთრი) - 53%, ცოლიკოური (თეთრი) - 16%, საფერავი (წითელი) - 10%, ციცქა (თეთრი) - 8%, ჩინური (თეთრი) - 2%. 2005 საქართველომ დაიწყო კონტროლირებადი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების წარმოება ევრ. ანალოგების მიხედვით. ესენია: მუკუზანი, ახაშენი, წინანდალი, ქინძმარაული, ატენური, სვირი, ხვანჭკარა, ტვიში და სხვ. ღვინოს ასევე აწარმოებენ ცნობილი ჯიშებისაგან - საფერავი, რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, კრახუნა, ცოლიკოური, ციცქა, ალექსანდროული, მუჯურეთული და სხვ. 2012 საქართველო გააქტიურდა მსოფლიო ღვინის ბაზარზე. კახეთში ინტენსიურად გაგრძელდა საფერავის გაშენება (განსაკუთრებული მოთხოვნილების შესაბამისად). 2013 ქვევრში ღვინის დაყენების კახური მეთოდი იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. 2014-იდან ქვეყანა შეუდგა ვენახების კადასტრის სისტემის დანერგვას ყურძნის პროდუქტების კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით; აიგო კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მონაცემთა ბაზა, პროექტი გრძელდება მევენახეობის სხვა რეგიონებშიც. 2018 მსოფლიოში აწარმოეს 77,8 მლნ ყურძენი, 57% მოხმარდა ღვინის წარმოებას (სუფრის ყურძენი - 36%, საქიშმიშე ყურძენი - 7%). ამავე წელს საქართველოში 292 კომპანიის მიერ გადამუშავდა 245 ათ. ტ ყურძენი. 2020 ვენახების მსოფლიო ფართობმა 7,3 მლნ ჰა-ს მიაღწია. მსოფლიოს ვენახების 50% განთავსებულია ესპანეთში (13%), ჩინეთში (12%), საფრანგეთში (11%), იტალიასა (9%) და თურქეთში (6%); საქართველოში მათი ფართობი 50.000 ჰა-ს შეადგენდა (სას.-სამ. სავარგულების 9%).

ლიტ.: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, თბ., 1960; ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, წგ. საქართველოს ვაზის ჯიშები, II, თბ., 1954; Maghradze D., Rustion L., Turok J., Scienza A., Foulla O. Caucasus and Northern Black Sea Region Ampelopraphy. Vitis (spocid issue), 2012.

დ. მაღრაძე

ნ. ჩხარტიშვილი