მესია (ძვ. ებრ. მაშიახ), იუდაიზმსა და ქრისტიანობაში ძე ღვთისა, მხსნელი (ებრ. იეშუა, ქართ. ცხებული). იუდაიზმში სიტყვა „მაშიახ“ გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს „სულიერ ლიდერს“, „მეფეს“, ბიბლიური მეფე დავითის შთამომავალს, რ-იც ღვთის მიერ იქნება მოვლენილი ებრაელი ერის გასათავისუფლებლად სხვა ხალხთა ბატონობისგან. მეორე მხრივ მ. უნდა ყოფილიყო „ცოცხალთა და მკვდართა“ მსაჯული. რომის მიერ იუდეის დაპყრობის (63) შემდეგ მ-ს უწოდებდნენ სახალხო აჯანყების ბელადს. მ-ის რწმენას დიდი ადგილი ეკავა ესეველთა სექტის მოძღვრებაშიც. იუდაიზმისა და ქრისტიანობის გავლენით მ-ის იდეა ისლამშიც აისახა.
ქრისტ. რელიგია მ-დ იესო ქრისტეს აღიარებს. იუდაიზმისაგან განსხვავებით ქრისტიანობა მ-ში პოლიტ. ლიდერს კი არ ხედავს, არამედ განკაცებულ ძე ღვთისას, რ-ის ამქვეყნად მოსვლა ორ სტადიას მოიცავს: პირველი, ქრისტეს ხორციელი შობა და მისი ამქვეყნიური ცხოვრება შობიდან ამაღლებამდე და მეორე, მეორედ მოსვლა, როდესაც მოხდება საყოველთაო მკვდრეთით აღდგომა და „ცხოველთა და მკვდართა“ განსჯა, შეიქმნება „ახალი ცა და ახალი მიწა“, ე. ი. ფერნაცვალი, განსულიერებული სამყარო.
ზ. ეკალაძე