მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, ეპარქია დას. საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში, ისტორიული სვანეთის სამთავროსა და ბალსზემო სვანეთში.  იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრ. კალთებს შეფენილ მესტიის მუნიციპ-სა და მის შემოგარენს, მდინარეების – ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს, აგრეთვე კოდორის ზემო წელის აუზს, ზემო აფხაზეთს. აღმ. და სამხ.-აღმ. ესაზღვრება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, დას-ით – ცხუმ-აფხაზეთის, სამხრ-ით – ზუგდიდი-ცაიშისა და სენაკი ჩხოროწყუს ეპარქიები, ჩრდ-ით საქართველო-რუსეთის სახელმწ. საზღვრის მონაკვეთია, რ-იც ეპარქიის ტერიტ-ს მიჯნავს ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკებთან.   ადრეულ ხანაში სვანეთის საეკლესიო ორგანიზაციის შესახებ ძალზე მცირე ცნობები არსებობს. ზემო სვანეთის (განსაკუთრებით მისი დას. ნაწილის) მმართველ მღვდელმთავრად ცაიშელი ეპისკოპოსი ითვლებოდა. დას. საქართველოში ქართული სამეფოს ჩამოყალიბებისა და ადგილობრივი სამღვდელმთავროების ბერძნული გავლენისგან გათავისუფლების შემდეგ ეს მხარეც ცაიშის ეპარქიის იურისდიქციაში აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს აშენდა ზემო სვანეთში იელის (VIII–IX სს.) და იფნის (X–XI სს.) წმ. გიორგის ეკლესიები – „ჯგრაგ“, ნესგუნის (IX–X სს.) და  ადიშის (X–XI სს.) მაცხოვრის ეკლესიები – „მაცხვარ“, ჟაბეშის ეკლესია (X ს.), უშგულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია, „ლამარია“ (X ს.), სვიფის (X ს.) და იფრარის (XI ს.) მთავარანგელოზის ეკლესიები – „თარგზელ“, ნაკიფარის (X–XI სს.), კალის წმ. კვირიკეს და ივლიტას მონასტერი – „ლაგურკა“ (X–XI სს.) და სხვ.                                        

XI–XV სს-ში სვანეთის  ტერიტ. სხვადასხვა სამღვდელმთავროს შორის იყო გადანაწილებული. XV ს-იდან საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ სვანეთიც გაიყო ზემო და ქვემო სვანეთად. ზემო სვანეთი ცაიშელი მღვდელმთავრის იურისდიქციაში შედიოდა (მდ. ენგურის ხეობა), დანარჩენი სვანეთი კი ცაგერელ ეპისკოპოსს მიეკუთვნებოდა. გარკვეულ დროს ცაგერელი მართავდა ბალსზემო სვანეთსაც. XVII ს-ში ცაგერელ მღვდელმთავარს ლეჩხუმთან ერთად მხოლოდ ქვემო სვანეთის მართვა ჰქონდა მინდობილი. ზემო სვანეთი თავისი ბუნებრივი მდებარეობის გამო ადრიდანვე საქართველოს ბარიდან ატანილ საეკლესიო სიწმინდეთა საიმედო საცავად იყო მიჩნეული. ამასთანავე, ეპარქიის ტერიტ-ზე არსებული მრავალრიცხოვანი ეკლესია-მონასტერი ქართული ქრისტიანული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა და სწორედ ამ მხარეში ჩამოყალიბდა საეკლესიო ხელოვნების, ფერწერის, ხეზე და ლითონზე კვეთის, გალობისა და სხვ.   

თვითმყოფადი სკოლები.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917),  ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია მოიცავდა მესტიასა და ზემო სვანეთსაც. XX ს. 20-იან წლებში დაწყებული საეკლესიო რეპრესიების გამო ამ მხარეში მღვდელმსახურება ფაქტობრივად არ აღესრულებოდა, თუმცა საბჭოური მმართველობის მიუხედავად, ზემო სვანეთმა სანიმუშო ერთგულებით დაიცვა ძველი ეკლესია-მონასტრები და იქ არსებული სიწმინდეები. 2002 წ. 17 ოქტ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა:  ცაგერისა და ლენტეხის;  მესტიისა და ზემო სვანეთის. მ. და ზ. ს-ის ე-ის მწყემსმთავრად დადგინდა ილარიონ მიტროპოლიტი (ქიტიაშვილი).