მეტეხი

მეტეხი, ძველი უბანი თბილისში, მტკვრის მარცხენა მხარეს, შუა საუკუნეებში – ციხესიმაგრე. მოიცავს ახლანდ. მეტეხის პლატოს, ღვინის აღმართს, მეტეხისა და რუისის ქუჩების მიდამოებს (ისანი-სამგორის რ-ნი). მ. იგივეა, რაც ადრინდ. საუკუნეების ისანი. იგი წყაროებში პირველად XII ს-ში იხსენიება. ზეპირი გადმოცემით, V ს-ში აქ ვახტანგ გორგასალს ციხესიმაგრე, სასახლე და ეკლესია აუგია, სადაც სავარაუდოდ (მ-ის პლატოს ტერიტ.) დაკრძალული უნდა იყოს  ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე შუშანიკი. XIII ს. I ნახ-ში, ხვარაზმელთა ლაშქრობის დროს, ეკლესია და სასახლე დაანგრიეს. ეს უკანასკნელი 1247–70 აღადგინა მესტუმრე ჯიქურმა (არ შემორჩენილა), ხოლო ეკლესია (მეტეხის ღვთისმშობლის შობისა) – დემეტრე II თავდადებულმა.

მ. მტკვრის მარცხ. მხარის ქალაქის ციტადელი იყო. იგი მტკვრის მარჯვ. მხარის ქალაქის სიმაგრის – კალის გაგრძელებას წარმოადგენდა.  მ. და კალა, ეს ორი გამაგრებული სიმაგრე, საკუთრივ თბილისის ტერიტორიას ქმნიდა. ციხეს ეკვროდა სავაჭრო-სახელოსნო რიგები, უფრო ჩრდ-ით კი – ვრცელი დასახლება ავლაბარი.  მ-ის ციხე იყოფოდა მაღლა და დაბლა ციხეებად. XVII ს. II ნახ-ში მ-ის ციხე მეფე როსტომმა შემოზღუდა. მას ზოგჯერ ავლაბრის ციხესაც უწოდებდნენ. 1748, სპარსელთა გარნიზონის განდევნის შემდგომ, ერეკლე II-მ აღადგინა მორღვეული სამხრ. კედელი. მანვე ამ ციხეში გამოკეტა 1765 შეთქმულების მონაწილენი და მათი მეთაური პაატა ბატონიშვილი.

მ-ის ციხის ხედი (გეგმა თბილისთან ერთად) გრაფიკულად შეასრულეს ჟან შარდენმა (1672), ტურნეფორმა (1701), ვახუშტიმ (1735), ჩუიკომ (1800), მხატვრულად  (სურათი) – სერგეევმა (1796), გ. გაგარინმა (XIX ს. II მეოთხ.) და სხვ.

1773 აღწერის მიხედვით მ-ის ციხეში სახლობდა 479 კომლი (მ-ში – 73, ხიდიდან ციხემდე – 186, შიგნით ავლაბრის ციხეში – 219).

XIX ს. 20-იან წლებში ციხის კედლები მოარღვიეს და ყაზარმული ტიპის ციხის კორპუსები ააშენეს. 1937 მ-ის საპყრობილის ნაწილი დაანგრიეს, ხოლო XX ს. 50-იან წლებში ციხის კორპუსები საერთოდ აიღეს. მ-ის პლატოზე აღიმართა თბილისის დამაარსებლის – ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959). მ. არქიტ. ნაკრძალადაა გამოცხადებული.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ტ. 4, თბ., 1973; პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, თბ., 1981; საქ. ცენტრ. საისტორიო არქივი, ფ. 1448, საქმე №1148.

ლიტ.: ბერიძე ვ., მეტეხის ტაძარი, თბ., 1969; ბერიძე თ., ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, თბ., 1977; ბერძნიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965.

თ. ბრიძ