მეტროლოგია (ბერძნ. metron – ზომა და logia – მოძღვრება), მეცნიერება გაზომვების, მათი ერთიანობისა და საჭირო სიზუსტის მიღწევის მეთოდების შესახებ. მ-ის ძირითადი მიმართულებებია: გაზომვათა ზოგადი თეორია, ფიზიკურ სიდიდეთა ერთეულებისა და მათი სისტემების წარმოქმნა, გაზომვის მეთოდები და საშუალებები, გაზომვის ცდომილებათა თეორია, გაზომვების ერთგვაროვნების საფუძვლები (საკანონმდებლო მ.), ერთეულთა ზომების გადაცემის მეთოდები ეტალონიდან გაზომვის სანიმუშო და შემდეგ მუშა საშუალებებზე. თავდაპირველად მ-ის დანიშნულება იყო სხვადასხვა სახის საზომთა (სიგრძის, ტევადობის, მასის, დროის), აგრეთვე სხვადასხვა ქვეყანაში გამოყენებული მონეტებისა და მ. შ. თანაფარდობის აღწერა (იხ. მეტროლოგია ისტორიული).
თბილისში 1946–77 ფუნქციონირებდა დ. მენდელეევის სახ. მეტროლოგიის საშუალებათა ავტომატიზაციის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ფილიალი, შემდეგ – ამ ინ-ტის ბაზაზე შექმნილი სპეც. საკონსტრუქტორო ბიურო, საცდელი ქ-ნა „აქატი“ და კლიმატური გამოცდის კოლხეთის სამეცნ.-კვლ. ცენტრი. 1981 შეიქმნა სამეცნ. გაერთიანება „ისარი“, რ-თანაც გაერთიანდა აღნიშნული სტრუქტურები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩატარებული რეფორმების შედეგად შეიქმნა მეტროლოგიის ინსტიტუტი.