მეღვინეთუხუცესი, სამეფო კარის საღვინის უწყების ხელმძღვანელი შუა საუკუნეების საქართველოში. ქართულ წყაროებში მ-ის შესახებ პირველი ცნობა XII ს-იდან ჩნდება.
მ. სათავეში ედგა სასახლის ერთ-ერთ უწყებრივ სტრუქტურას – საღვინეს, რ-შიც „ხელმწიფის კარის გარიგების“ (XIII ს.) თანახმად მსახურობდნენ მ., საღვინის მუქიფი, საღვინის მოლარე და მეღვინენი.
სასახლეში საღვინეს თავისი ნაგებობა ჰქონდა, სადაც ახალი წლის დღესასწაულზე მეფის მონაწილეობით რიტუალი სრულდებოდა: „საღვინეთ ქვე დასმენ [მეფესა] მაღლა სკამითა, ტაბლას წინ დაუდგმენ და ველურისა ტახის თავს მოხარშულს წინ დაუდგმენ“. მ-ის (მანდატურთუხუცესთან და მუქიბთან ერთად) ძირითადი საქმიანობა სამეფო ზვრების მოვლა-პატრონობა იყო. იგი ადგილებზე ანაწილებდა „ღვინის მკრეფელებს“, რ-ებიც მანდატურთა ზედამხედველობით თვალყურს ადევნებდნენ ვენახში მუშაობას, ყურძნის მოსავლის აღება-დაბინავებას.
მ-სა და საღვინის უწყებაში შემავალ ყველა მოხელეს განსაზღვრული სარგო ჰქონდა. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ღვინის ულუფის, ანუ სარგოს შესახებ აღნიშნულია, რომ ყოველი ზვრიდან მ-ს თითო ჭური ეკუთვნოდა. ამ თანამდებობის პირები საშუალო რანგის აზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ და მეფესთან „აღზრდილ-შეზრდილობით“ იყვნენ დაკავშირებულნი. მ-ს მეფის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებაც შეიძლება ჰქონოდა, მ. შ. სამხედრო ან დიპლომატიური ხასიათისა.
დიდი მეჯლისის დროს მ. მეღვინეთა თანხლებით დარბაზში შედიოდა და დადგენილი რიგითობით (ოთხი მეღვინე მარჯვნივ და ოთხი მარცხნივ) სტუმრებს ღვინოს მიართმევდა. მცირე მეჯლისის დროს მ. ექვსი მეღვინის თანხლებით ემსახურებოდა მეფეს.
ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“ ცალკე პარაგრაფი აქვს დათმობილი რთველთან დაკავშირებულ მოხელეთა საქმიანობის აღწერას. მ-ის განკარგულებაში ყოფილა 15 მესთვლე. მისი ხელქვეითი მოხელეები იბარებდნენ ღვინისა და არყის შემოსავალს მეფის სახასო მამულებიდან და კრებდნენ კულუხის გადასახადს.
საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდგომ ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებს საკუთარი მ-ები ჰყავდათ.
ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI–XIII საუკუნეებში, თბ., 1983; სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, თბ., 1952; ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 2017.
ი. უჯმაჯურიძე