მეღვინეთუხუცესიშვილი დიმიტრი კონსტანტინეს ძე (1815, სოფ. ხიდისთავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 6. XII. 1878, იქვე), ისტორიკოსი, მწერალი, თეატრის მოღვაწე. სწავლობდა თბილ. გიმნაზიაში. XIX ს. 4)-იან წლებში მსახურობდა რუსეთის არმიაში და მონაწილეობდა ბრძოლებში კავკასიელი მთიელების წინააღმდეგ. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის IV ხარისხის ორდენით. სამხ. სამსახურს თავი მალევე გაანება და 1845 მუშაობა დაიწყო გორის სასამართლო კანცელარიაში, 1851 – თბილ. სახელმწ. კანცელარიაში.
1847-იდან თანამშრომლობდა მ. ბროსესთან. მასთან ერთად შეკრიბა წარწერები, საბუთები, ხელნაწერები. შემდეგ დამოუკიდებლად იმოგზაურა საქართვ. სხვადასხვა კუთხეში და შეკრებილი მასალა პეტერბურგში გაუგზავნა მ. ბროსეს, რ-მაც იგი რუსეთის აკადემიის მოამბეში გამოაქვეყნა. მ. მონაწილეობდა ქართ. თეატრის აღდგენაში. წერდა პიესებს, ლექსებს.
1852 კავკასიის მთავარმართებელ მ. ვორონცოვის დავალებით უფლისციხეში წამოიწყო პირველი არქეოლ. გათხრები, რ-იც მიზნად ისახავდა ძეგლის მეცნიერულ შესწავლას, ამიტომ მ. ითვლება საქართველოში გათხრითი არქეოლოგიის ფუძემდებლად. გათხრების დროს ნაწარმოები მისი საველე დღიურები და მოპოვებული არქეოლ. მასალა დაიკარგა. ჩატარებული სამუშაოების შესახებ წარმოდგენას გვიქმნის ძირითადად გაზეთ „კავკაზში“ დაბეჭდილი მოკლე ანგარიშები.
სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა სოფ. ხიდისთავში. მისი ხელნაწერი ნაშრომები, ნარკვევები და ისტ. მასალები დაცულია პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის ხელნაწერთა განყ-ბის მ. ბროსეს ფონდში. ჩვენამდე მოაღწია ისტ. ხასიათის რამდენიმე ნაშრომმა: „მეფობა და ცხოვრება ერეკლე II-ისა“, „აღწერა გორთან მდებარე ეკლესიებისა, მონასტრებისა და მათ ზედა ღირსსახსოვარ წარწერათა სრულიად“, „მოგზაურობა გორთან, ხიდისთავსა შინა 1849-სა წელსა“, „მოგზაურობა და მოხილვა იმერეთისა 185) წელსა“. თანამშრომლობდა „ცისკართან“ და „სასოფლო გაზეთთან“. ავტორია კომედიებისა: „ექიმბაში“, „კატა აწონა“.
ლიტ.: ალიმბარაშვილი ი., დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 2)16; გამყრელიძე გ., ქართული არქეოლოგიის ისტორიიდან, თბ., 1996; საქართველოს კალენდარი, 1896 წ. შედგ. ვ. გუნიას მიერ, თბ., 1895; ხანთაძე შ., დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის წერილები მარი ბროსესადმი, „საისტორიო მოამბე“, 1952, [ტ.] 6; ხუციშვილი ს., [რეც.]: „გამოუცდელობა ანუ დროებითი განშორება საყვარელთა“ [დ. მეღვინეთუხუცესიშვილის პიესის დადგმის გამო ქ. გორში, 1845 წ.], „ლიტერატურა და ხელოვნება“, 195), 21 მაისი, № 21.
შ. ხანთაძე