ზაქარაია გენადი (გენო) შოთას ძე (დ. 30. XI. 1950, სოფ. ნაჯახავო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი), მოქანდაკე. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2005). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1980; პედაგოგები – ი. ოქროპირიძე, შ. მიქატაძე). სწავლობდა მოსკოვში სსრკ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების სახელოსნოში (1984–87). გამოფენებში მონაწილეობს 1980-იდან. მისი გამოფენა (ჯ. ბჟალავასთან ერთად) გაიმართა საფრანგეთსა (ქალაქები – პო, ბიარიცი) და ანდორაში (1998). მონაწილეობს საერთაშ. სიმპოზიუმებში: ნორმანდია, საფრანგეთი (2003–05) და ჯგუფურ გამოფენებში. ძირითადი ნამუშევრები: „ქალის ტორსი” (თაბაშირი, 1983, საქართვ. მხატვართა კავშირმა აღიარა წლის საუკეთესო ნამუშევრად), „შინმოუსვლელთა მემორიალი” (კერამიკა, აბაშა, 1985), „სივრცე” (ქვა, 1988), „თეთრი ხსოვნა” (ეძღვნება მარკ შაგალს, ქვა, გროდნო, ბელორუსია, 1988), „ლაქა მთვარეზე” (მარმარილო, კინოთეატრი „მოსკოვი”, მინსკი, 1989); „1937” (ქვა, თელავი, 1989), „კორიდა” (ქვა, ბიარიცი, საფრანგეთი, 1991), „პენელოპე” (ხე, 1992), ზ. ავალიშვილის საფლავი (დიდუბის პანთეონი, თბილისი, 1997), ნ. ჟორდანიას ბიუსტი (საქართვ. პარლამენტი, თბ., 1998), ე. ერისთავის ბიუსტი (ბრინჯაო, გორი, 2003), აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი (ქვა, გარდაბანი, 2004), მ. მამარდაშვილი, ჰორელიეფი (ბრინჯაო, გორი, 2005), გენერალ გ. მაზნიაშვილის მემორიალი (ბრინჯაო, ოკამი, 2006).