თუშები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
00:32, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია, შეტანილი Admin (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფი. თუშეთის ძირითადი მოსახლეობა. ენა – ქართული, თუშური დიალექტი. რელიგია – ქრისტიანული (მართლმადიდებლობა). ანთროპოლოგიურად თუშებს აღმ. ქართული სახე და აღნაგობა აქვთ. არიან საშუალო სიმაღლის, მკვრივი აგებულების, პირმრგვალი სახით. უმეტესობას ღია ფერის თვალები და საშუალოზე ღია ფერის თმა (ჩალისფრიდან წაბლისფრამდე) აქვს. ახასიათებთ თხელი ნაკვთები, სწორი ოდნავ აწეული ცხვირი და თხელი ტუჩები.წოვა-თუშები პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან არიან მოხსენიებული, ქართ. საისტ. საბუთებში კი – 1754 წ. სამართლის ერთ-ერთ ძეგლში. თ. მეურნეობის დარგებიდან ძირითადად განვითარებულია მეცხვარეობა. კახეთის ბარში საზამთრო საძოვრებზე ცხვრის ჩამოყვანას ისინი უკვე საუკუნეების განმავლობაში მისდევდნენ. ეს საძოვრები კახეთში თ-ს ისტორიულად ეკუთვნოდათ – ისინი მეფეთა მიერ ჰქონდათ ბოძებული. რამდენადაც მაღალ განვითარებას მიაღწია გადარეკვითმა, მთაბარულმა მეცხვარეობამ, თ-მა საუკუნეთა განმავლობაში ამ პირობებს შეგუებული ცხვრის განსაკუთრებული ჯიში – თუშური ცხვარი გამოიყვანეს (იხ. აგრეთვე თუშური ცხენი). საქართველოში განსაკუთრებით სახელგანთქმულია თუში მეცხვარეების მიერ დამზადებული თუშური ყველი. XIX ს-ში თუშური ყველი არა მარტო თბილისის ბაზარზე, არამედ რუსეთის ბევრ ქალაქშიც იყიდებოდა.მეცხვარეობის მაღალი კულტურის მაჩვენებელია ცხვრის ხელოვნურად დანერბვის პრაქტიკა. საქართველოში ოდესღაც ცხვრის დოლი ძირითადად ნოემბერში მიმდინარეობდა, რაც მეცხვარეობის ფართო მასშტაბების პირობებში, ზამთრის სიცივეების გამო, ბატკნის შენარჩუნების საფრთხეს ქმნიდა. თუშურ მეცხვარეობასთან იყო დაკავშირებული მცნობის ინსტიტუტი. მცნობი არის ბატკნისა და მისი დედის (ნერბის) ცნობის განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებული მწყემსი. წარმოუდგენელი იყო დოლი მცნობის გარეშე. როგორც სამეცნ. ლიტ-შია აღნიშნული, მცნობები ბატკანსა და მის დედას სცნობენ როგორც კონკრეტული ნიშნებით (ხმა, მატყლი, სიარული, შეფერილობა), ისე საერთო იერზედაც.მეცხვარეობის განვითარების მაღალი დონის მიუხედავად, თ. ტრად. მიწათმოქმედებასაც მისდევდნენ. ისინი თესავდნენ ჭვავს, ხოლო საგაზაფხულოდ – ქერსა და შვრიას. ქერი თუშების ძირითადი საკვები იყო, ხოლო შვრიას საქონლის საკვებად და არყის გამოსახდელად ხმარობდნენ.თ. იყენებდნენ ორი სახის სახნისს – აჩაჩას და კავსი. მკიდნენ ნამგლებით, ლეწვის დროს, ისევე როგორც მთიანეთის სხვა მხარეებში, კევრს არ იყენებდნენ, ლეწავდნენ ხარებით. იმის გამო, რომ მამაკაცების უმეტესობა ძირითადად დაკავებული იყო მეცხვარეობით, სამიწათმოქმედო სამუშაოებს ხშირად ქალები ასრულებდნენ (მთელ საქართველოში მხოლოდ თუში ქალი ხმარობდა ცელს).ორიგინ. იყო თუშური საცხოვრებელი სახლი, რ-იც მშრალი წყობით იყო აგებული. თ. ჩვეულებრივ, სახლებს პირიმზითში აშენებდნენ, შემაღლებულ ადგილებზე, რათა თოვლის ზვავისაგან დაცული ყოფილიყვნენ. თ-ის საგვარეულო და სასოფლო ხუთ-ექვს სართულიანი კოშკები საიმედო თავშესაფარი იყო მტერთა თავდასხმების დროს. პირველი სართული ტყვეების დასამწყვდევ დილეგს წარმოადგენდა. კოშკები იყო როგორც პირამიდულსახურავიანი ("წვერიანი ციხე"), ისე ერთქანობიანი "სიპით დახურულ ციხე"); გადახურული იყო ფიქალის ქვებით. პირველი მათგანი მხოლოდ პირიქითის ხეობაში ყოფილა გავრცელებული დართლოდან მოყოლებული სოფ. ჭონთიომდე. კოშკებს თ. აგებდნენ როგორც დუღაბით, ისე უდუღაბოდ. გადმოცემით, მშვიდობიანობის დროს კოშკის თავზე ჯვარს აღმართავდნენ, ომის დროს კი – "ბაირახს". ყველა კოშკს ზედა სართულებში ჰქონდა ჩარდახები, სამზირეები, შუკუმები. ჩარდახებიდან მომხდურ მტერს "გოხებს" (მაგარი მრგვალი რიყის ქვა) უშენდნენ. გვიანდ შუა საუკუნეებში აშენებულ კოშკებს უკვე სათოფურებს უკეთებდნენ. სათოფური "ფშვინდის" (მშვილდის) საომარზე ერთიორად ვიწრო კეთდებოდა. პირველ სართულს კარი არ ჰქონდა. მას შესასვლელი მეორე თვალის (სართულის) ბანის ერდოდან ჰქონდა. კოშკში მეორე სართულზე კიბით ადიოდნენ. აქ ქალები და ბავშვები თავსდებოდნენ. ხოლო უფრო ზემოთ – "მეომარი ხალხი".ყველა სოფელს თავისი სალოცავი ჰქონდა. მაგრამ ზოგან ორ სოფელს საერთო სალოცავი გააჩნდა. ორი და სამი მეზობელი სოფლის ან ჯვრის საყმოს წარმომადგენლები ერთიმეორის "მეკოდენი" იყვნენ და, ამასთან, განსაზღვრული მოვალეობანი ეკისრებოდათ ერთმანეთის მიმართ. მეკოდეობა თუშეთის ტრად. ყოფაში ხელოვნურ ნათესაობას მიახლოებული მტკიცე გაერთიანება იყო. მეკოდე სოფლების სახით ტერიტ.-სამეზობლო თემის განსაკუთრებული, თავისებური სახე არსებობდა. ტრად. სალოცავი ორი ტიპის ჰქონდათ: "კოშკი" და "დარბაზი". აქ ინახავდნენ ხატის დროშას, ჭურჭელს. სალოცავ-ნაგებობებებთან ახლოს მისვლა ქალებს ეკრძალებოდათ.თუში ასევე გამოირჩევა ტილოების, ფარდაგების, წინდების ქსოვის მაღალი დონითა და ჩითების (ნაქსოვი ფეხსამოსი), ქუდების დამზადებით (იხ. თუშური ქუდი). შინამრეწველობის ამ დარგების განვითარებას, ბუნებრივია, მატყლის სიუხვე განაპირობებს. დადგენილია, რომ თუშური ცხვრის მატყლი უმაღლესი ხარისხის, რბილი, ნაზი და მბზინავია. აქ მატყლს ქალები ამუშავებდნენ. გოგონები ხუთი-ექვსი წლის ასაკიდან უკვე დამოუკიდებლად ქსოვდნენ წინდებს, ხოლო ცხრა-ათი წლისანი – ჩითებს. ცამეტი-თხუთმეტი წლის ქალიშვილები უკვე ფარდაგებისა და შალის დახელოვნებული მქსოველები იყვნენ. თუში ქალი ნახელავით ფასდებოდა. თავისი დახვეწილობით, საქსოვი ნართის მაღალი ხარისხით, ფერთა შეხამების დიდი გემოვნებით ყურადღებას იქცევს თუშური ტოლები – შინნაქსოვი სატანსაცმელე შალები, ხაკი (ტომარა) და ხალიჩა, ფლასები და საგორავები – ძველებური ფარდაგები, აბგები, ხურჯინები, ცხენის აღკაზმულობის მორთულობანი – ყაჯრები, ჩულები და თიქალთოები, წინდა-პაჭიჭები, ჩითები და სხვ. თუშურ ფარდაგებზე ძირითადად გეომ. ფიგურებია გამოსახული. თ. სამოსსაც მატყლისაგან ამზადებდნენ. ისტორიულად, ისევე როგორც საქართველოს, სხვა კუთხეებში მამაკაცები ჩოხებით იმოსებოდნენ, ფეხზე კი "ჩითებს" იცვამდნენ.ისტორიულად თუშეთში ჩვეულებითი სამართალი მოქმედებდა. სოფ. დართლოში ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი უხუცესთა თორმეტი ქვის სავარძელი. ოჯახის უფროსი მამაკაცი იწოდებოდა "ბერად", ქალი – "ბერდედად".სასოფლო სალოცავებს "ჯვარი" ეწოდებოდა. ასეთი ჯვრები ქრისტ. წმინდანების სახელწოდებისაც (სამება, წმიდა გიორგი, მთავარანგელოზი, მიქელგაბრიელი) იყო და წინარექრისტიანულისაც (კოპალე, იახსარი, ბატონ ბიჭეხელი, ფიწალე, წასნეს ჯვარი, ლაღი ბიჭეხელი, ლაშარის ჯვარი).თ-მა ხატობებში ფანდურზე დამღერება იცოდნენ. ფანდურის თანხლებით ასრულებდნენ ორსართულიან ფერხულს – "ქორბეღელასაც". ეს იყო საკულტო ცეკვა. თუშეთში XX ს. 20–30-იანი წლებისათვის ფაქტობრივად თ-ები აღარ დარჩნენ – ისინი კახეთში ჩამოსახლდნენ (ზემო ალვანი, ქვემო ალვანი, ლალისყური, ფშაველი). მთაში ასვლასა და შემდეგ ბარში დაბრუნებას თ-ები "კახეთი-თუშეთობას" უწოდებდნენ. მთაში ასვლა ძირითადად XX ს. 50-იანი წლების ბოლომდე გრძელდებოდა და ძირითადად დაკავშირებული იყო მეცხვარეობასა და მესაქონლეობასთან, მდიდარი საზაფხულო საძოვრების გამოყენებასთან. ბოლო პერიოდში თუშეთის მთა ერთგვარად გამოცოცხლდა, რაც განპირობებულია ტურიზმის განვითარებით.ქართული გვარები თუშეთში ბოლოვდება -ურ (-ულ), -ძე და -შვილი სუფიქსებით: იჭირაული, ბუხაჩაური, რაინაული, სისვაური, ჩხერაული; ჩუნთაიძე, ბექურაიძე, გულუხაიძე, ხაჩიძე, იმედიძე, ჭვრიტიძე, ოშორიძე, ჭოლიკიძე, მოზაიძე; მურთაზაშვილი და სხვ.ლიტ.: აზიკური ნ., მგოსანნი გლოვისანი, თბ., 1986; მისივე, თუშური ფარდაგი, თბ., 1999; ბოჭორიძე გ., თუშები, თბ., 1993; ბრეგაძე ნ., მეცხვარეობის ისტორიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის», VII, თბ., 1979; თოფჩიშვილი რ., წოვა-თუშები, თბ., 2009; ქალდანი ა. კოშკიანი საცხოვრებელი კომპლექსი საქართველოს მთიანეთში, წგ.: საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ატლასი, საქართველოს მთური საცხოვრებელი ნაგებობები, თბ., 1986.რ. თოფჩიშვილი.