არსენ საფარელი

არსენ საფარელი, ქართლის კათოლიკოსი, ავტორი ანტიმონოფიზიტური ტრაქტატისა „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“. ცხოვრების თარიღები უცნობია. სამეცნ. ლიტ-რაში გამოთქმული ვარაუდები მერყეობს VII–XIV სს. შორის. ყველაზე უფრო გავრცელებული შეხედულებით იგი გაიგივებულია IX ს. II ნახ. მოღვაწესთან კათალიკოს არსენ I დიდთან. არც ერთი ეს შეხედულება არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად დასაბუთებულად. ა. ს-ის თხზულების წყაროები, ლექსიკა და ტერმინოლოგია, ავტორის ცოდნა კავკასიის ეკლესიების ისტორიისა, აძნელებს ტრაქტატის დათარიღებას XI ს. II ნახევარზე უფრო ადრინდ. ხანით.

ა. ს-ის ტრაქტატი შეიცავს სამხრ. კავკასიის (უპირატესად სომხეთის) საეკლ. და პოლიტ. ისტორიას ბიზანტ. და ირან. იმპერიებთან ურთიერთობის ფონზე (IV ს. დასაწყისიდან 726 წლამდე). შედარებით დეტალურად არის წარმოდგენილი VI ს. შუა ხანა 80-იან წლებამდე და VII ს., ვინაიდან, ავტორის აზრით, ამ დროს ჩამოყალიბდა სომხ. მონოფიზიტური ეკლესია.

ა. ს-ის თხზულების ძირითადი წყაროა ჩვენამდე ბერძნ. ენაზე მოღწეული ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი „Narratio de rebus Armeniae“ („სომხეთის მოვლენათა მატიანე“). ისტორიკოსი, ჩანს, სარგებლობდა ამ ტექსტის სომხ. ორიგინალით (VIII ს.) როგორც თხზულებისათვის საერთო გეგმის შედგენისას, ისე VI–VII სს. ცალკეული სიტუაციების აღწერისას. გარდა დასახელებული ტრაქტატისა, ა. ს. თავისი თხზულების ძირითადი ნაწილისათვის იყენებს ბიზანტ. მოღვაწის ფოტიოს კონსტანტინოპოლელის ეპისტოლეს ზაქარია სომეხთა პატრიარქისადმი (895), იოანე დრასხანაკერტცის „სომხეთის ისტორიას“ (X ს. 20-იანი წწ.), ასოღიკის (სტეფანოს ტარონეცი) „მსოფლიო ისტორიას“ (1004 შემდეგ), ანონიმურ საეკლ. ქრონიკას. შეიძლება ვივარაუდოთ, აგრეთვე, რომ არსენი იცნობდა ქართლისა და სომხ. საეკლ. იერარქთა მიმოწერას VII ს. დამდეგს, იოანე ოძუნელის თხზულებას „კრებათა შესახებ“ (726–728), მანაზკერტის 726 წ. ადგილ. საეკლ. კრების კანონებს.

ტრაქტატში თითქმის მთლიანად იგნორირებულია VI ს. II ნახევარი; IV–V სს. კავკასიაში რელიგ. სიტუაციის გადმოსაცემად ავტორი იყენებს აგათანგელოსის, მოვსეს ხორენაცისა და ლაზარ ფარპეცის „სომხეთის ისტორიებს“, მხედველობაში მიღებულია აგრეთვე გრიგოლ განმანათლებლის „ცხოვრების“ ქართ. ვერსია და „საჰაკ პართელის ხილვის“ ერთ-ერთი ვერსია.

ა. ს-ის თხზულებაში გვხვდება ისეთი ისტ. ცნობები, რ-ებიც სხვა წყაროებში არ არის დადასტურებული, რის გამოც იგი ზოგ შემთხვევაში პირველწყაროს მნიშვნელობას იძენს.

თხზულების ფართო ქრონოლოგია და არეალური ჩარჩოები, გამოყენებული დიდძალი ლიტ-რა ქართ., სომხ. და ბერძნ. ენებზე, უცხოენოვანი ლექსიკა, ტერმინები ქართ. ენაზე თარგმანებით მოწმობს ავტორის დიდ ერუდიციას და ენების ცოდნას.

ა. ს. ეკუთვნის შუა საუკ. იმ ქართვ. მოღვაწეთა წრეს, რ-იც საეკლესიო განხეთქილებას კავკასიაში განიხილავდა როგორც გარეშე ძალდატანებით გამოწვეულ პოლიტ. აქტს და არა შინაგან აუცილებლობას. იგი გმობს მონოფიზიტობას, მაგრამ დარწმუნებულია სომეხი ხალხის „უბრალოებაში“, რ-მაც მართლმადიდებლობას გადაუხვია სპარს. მეფეთა „ნებით“.

თხზ.: განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა, წგ.: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, თ. ჟორდანიას გამოც., [წგ. 1], ტფ., 1892; იგივე, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1980.

ლიტ.: ა ლ ე ქ ს ი ძ ე  ზ., არსენი საფარელის „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1973, [ტ.] 4; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1977 (თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8.)

ზ. ალექსიძე