"თეთრი გიორგი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
16:53, 11 ნოემბერი 2019-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: 1. ემიგრანტ ახალგაზრდა ქართველ პატრიოტთა ორგანიზაცია უცხოე...)
Jump to navigation Jump to search

1. ემიგრანტ ახალგაზრდა ქართველ პატრიოტთა ორგანიზაცია უცხოეთში. დაარსდა 1924 წ. 24 ოქტომბერს პარიზში. კ. სალიას ცნობით, მოძრაობის იდეა და სახელწოდება ჩასახულა მეტეხის ციხეში XX ს. 20-იანი წლების დასაწყისში. დამფუძნებელი კრება გაიმართა 1925 წ. 15 ივნისს პარიზში. კრებამ მიიღო დეკლარაცია, რ-შიც გადმოცემულია ორგანიზაციის იდეოლოგიური საფუძვლები, ორგანიზაციული სტრუქტურა. "თ. გ-ის" მიზანი ჩამოყალიბებულია 7 პუნქტად: ერის გათავისუფლება რუსეთის მონობისაგან; საქართველოს მთლიანობის აღდგენა; ბრძოლა რუს. ენის, აზროვნების და ყოველგვარი რუს. ბატონობის წინააღმდეგ; საქართველოს გაწმენდა მტრულად განწყობილი ელემენტებისაგან; საქართვ. მოსახლეობის ეროვნ. შემადგენლობის დაცვა აჭრელებისაგან; ეროვნ. ქონებისა და სამეურნეო ასპარეზის დაცვა ქართველებისათვის; ერის ფიზ., სულიერი და გონებრივი გაჯანსაღება. "თ. გ." თავს აცხადებდა ეროვნ. ძალთა შეკავშირებისათვის მებრძოლ ორგანიზაციად; სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ერის წარმომადგენელი, რ-იც თანაბრად დაიცავდა ყველა კლასის ინტერესებს; მის ძირითად ძალად უნდა ქცეულიყო ოჯახზე, ზნე-ჩვეულებებზე, სარწმუნოებაზე, აღზრდაზე, ენაზე დამყარებული ქართ. კულტურა.


"თ. გ-ის" სულიერ ბელადებად გამოცხადდნენ ალექსანდრე ბატონიშვილი ("მთის არწივი") და ქ. ჩოლოყაშვილი. მათი პორტრეტები მუდამ ამშვენებდა ორგანიზაციის ყველა თავყრილობას. სიმბოლოდ აირჩიეს წარმართი ღვთაება თეთრი გიორგი, ჰიმნად – დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი, დროშად – შავ-შინდისფერით გარშემოვლებული მთლიანად თეთრი ალამი წარწერით "საქართველო უწინარეს ყოვლისა". ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა მისი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ლ. კერესელიძე, რ-იც სიცოცხლის ბოლომდე (1942) მეთაურობდა მას, გარდა იმ რამდენიმე თვისა, როდესაც იგი განხეთქილების შედეგად IV ყრილობაზე გადააყენეს და მეთაურად აირჩიეს შ. მაღლაკელიძე. ორგანიზაციას ჰქონდა ბეჭდვითი ორგანო – გაზ. "თეთრი გიორგი". "თეთრი გიორგის" პარალელურად 1934-იდან დაიწყო მეორე გაზ. "მომავლის" გამოცემა, რ-საც ა. მანველიშვილი ჩაუდგა სათავეში და, ფაქტობრივად, ოპოზიციურ ორგანოს წარმოადგენდა. "თ. გ-ს" ჰქონდა თავისი ორგანიზაცია ბერლინში, რ-იც XX ს. 30-იან წლებში უშვებდა იმავე სახელწოდების გაზეთს. "თ. გ-ის" არსებობა დასტურდება XX ს. 50-იანი წლების დამდეგსაც, მაგრამ ამ პერიოდში მის არსებობას უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მალევე გაუქმდა. მის სულიერ მემკვიდრედ შეიძლება ჩაითვალოს "ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში", რ-იც 1954 მიუნხენში დაარსდა.

წყარო: ბ ე რ ი ძ ე შ., მოგონება (1924–1933 წწ.), გაზ. «თეთრი გიორგი», #69–71, პარიზი, 1933; კ ე რ ე ს ე ­ ლ ი ძ ე ლ., ჩვენი იდეოლოგიის ზოგიერთი მხარეები: ეროვნული დისციპლინა, გაზ. «თეთრი გიორგი», #74–75, პარიზი, 1934; მ ა ნ ვ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ალ., "თეთრი გიორგი" (მოგონება). ხელნაწერი. დაცულია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიის მუზეუმში; საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა "თეთრი გიორგი", დამფუძნებელი კრების დეკლარაცია, პარიზი, 1925.

ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 3, თბ., 1993.

ლ. ურუშაძე.