"კათარსისი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
"კათარსისი". სათნოების სახლი.

სათნოების სახლი – საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირი; დაარსდა 1990 წ. 31 მარტს თბილისში (დამაარსებელი – ზ.-ო. ალადა­შვი­ლი). "კ." წარმოადგენს კომპლექსური დახმარების ცენტრს, სადაც თავ­მოყრილია მოსახლეობისთვის აქ­ტუა­ლუ­რი, გადაუდებელი სოც. სამსახურები. "კ-ის" ფილიალები არის სა­ქართვ. 6 ქალაქსა და რ-ნში, რ-ებიც ასრულებენ იმავე ხასიათის სამუშაოებს, რასაც ­ცენტრ. ორგანიზაცია. "კ-ში" ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები: სასადილო; სამედ. დაწესებულება (ემსახურება ყველა ბენეფიციარს, ვინც სარგებლობს სასადილოთი, აგრეთვე სოციალურად დაუცველ სხვა მოქალაქეებს. სამედ. აღრიცხვაზე აყვანილთა რაოდენობა ათასს აჭარბებს); სარეაბილიტაციო დარბაზი ხანდაზმულებისთვის და რელაქსაციის ოთახი; კაფე „ჯული“ (აქ აღნიშნავენ დაბადების დღეებს, მართავენ შეხვედრებს), ბ-კა; ნოსტალგიის თეატრი (1993-იდან დღემდე დაიდგა 18-მდე სპექტაკლი და იუმორისტული სკეტჩი); ინტერნეტ-კაფე (ხანდაზმულები ეუფლებიან კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს), სამლოცველო (მოხატულია ხატმწერების – მ. ჩაკვეტაძისა და დ. ხიდაშელის მიერ); სილამაზის სალონი. `კ-ში“ სათნოების ძმები არიან სამხედროები, რ-ებიც სავალდებულო სამსახურს ალტერნატიული ფორმით იხდიან. გარდა ამისა, დამკვიდრებულია მოხალისეთა მხრიდან დახმარების გაწევაც. აქვს თავისი სასაფლაო მუხათ­გვერდის ტერიტორიაზე.


"კ." ახორციელებს შემდეგ პროექტებს: „სადილი ყველას“ – მოქმედებს 2002-იდან და განკუთვნილია ყველა მსურველისათვის (მიუხედავად ასაკის და სოც. სტატუსისა); "საშობაო-სააღდგომო დახმარება" – სოციალურად დაუცველ 181 ოჯახს წელიწადში ორჯერ მიეწოდება პროდუქტები; „მწოლიარეთა დახმარება“ – ყოველთვიური დახმარება პროდუქტებით სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რებსაც პირველი ჯგუფის ინვალიდი ჰყავთ; „წლის ბებია და ბაბუა“ – საშობაო წარმოდგენა-კონკურსი იმართება 2005-იდან. ჟიური ავლენს ცეკვაში, სიმღერა­ში, საესტრადო ხელოვნებაში გამარჯვებულებს, რ-თაც გადაეცემათ სოლიდური ფულადი დახმარება და პრემიები; „ბერიკაცებო, დავრგოთ ნერგები“ – ამ ინიციატივის ფარგლებში თბილ. სხვადასხვა გარეუბანში ირგვება ხეები, კერძოდ, 2005 `კ-ის“ ხანდაზმულებმა დიდ დიღომში ქარსაცავი ზოლის შესაქმნელად 150 ძირი ცაცხვი დარგეს. 2013 წ. 15 დეკემბრიდან დღემდე "კ-მ" დახმარება გაუწია მრავალ ადამიანს. პროექტი მიმდინარეობს საქართვ. მინისტრთა კაბინეტის ინიციატივით და ფინანსური უზრუნველყოფით.

თ. ალიბეგა­შვი­ლი.