"კვარციტი"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

(ახლანდ. შპს "ა რ ე მ - ჯ ი გ ოლ დ ი "), ოქროს მომ­პოვებელი საწარმო. მდება­რე­ობს და­ბა კაზრეთში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი). დაფუძნდა 1995 სა­ქარ­თვე­ლო-ავსტრალიის ერთობლივი სა­წარმოს სახით, რ-მაც საქმიანობა დაიწყო შპს "კ-ის" სახელწოდე­ბით. კომპანია 1996- მდე ადგილზე საძიებო-მოსამზადებელ სამუშაო­ებს აწარმოებდა, ხოლო 1997 წ. 2 აპრილს ჩამოისხა პირველი ოქრო. ოქროსშემცველი მადნების მო­პოვება და გადამუშავება ხდება საყდრისისა და მადნეულის საბადოებიდან, რ-ებიც მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, და­ბა კაზრეთთან ახლოს, თბილისი­დან სამხრ.-აღმ-ით 80 კმ დაშორებით. ასევე ხდება სხვა­და­სხვა ტექნოგენური ნარჩენების გადამუ­შავებაც. 2005-იდან ერთობლივი საწარმო ფუნქციონირებს პარტნიორების – სააქციო საზ-ბა "მადნეულისა" (სა­ქართვე­ლო) და საერთაშ. კომპანია "ჯეოპრომაინინგის" (ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები) – თანაბარი წილობრივი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. 2012 ივნისში შპს "კ." გადავიდა საერთაშ. კომპანია "არემჯის" (RMG – Rich Metals Group B. V., ჰოლანდია) 100%-იან მფლო­ბელობაში და ამჟამად მისი იურიდ. სახელწოდებაა შპს "არემჯი გოლდი". კომპანია "არემჯი გოლდი" ოქროსშემცველი მადნე­ბის მოპოვება-გადამუშავების შე­დეგად აწარ­მოებს ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით), რ-საც ყიდულობენ მსხვი­ლი საერთაშ. ტრეიდერული კომპანიები. აფინაჟის (გაწმენდა) შედეგად მიღებული სუფთა ლითონი (ოქრო და ვერცხლი) კი შემდგომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე იყიდება.


შპს "არემჯი გოლდი" გროვული გამოტუტვის მეთოდით, ოქროსშემცველი მეორეული კვარციტული მადნის გადამუშავების გზით ახორციელებს ძვირფასი ლითონების ამოკრეფას. ეს მეთოდი ითვალისწინებს მაღალი სიმკვრივის გაუმტარი პოლიეთილენით დაფარულ გამოსატუტ მოედანზე მოთავსებული დამსხვრეული მადნის გროვის ციანიდის დაბალი კონცენტრაციის ხსნარით დამუშავებას დახურულ საწარმოო ციკლში. აღნიშნული ციანირების მეთოდი ძვირფასი ლითონების მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რ-იც გამოირჩევა ეკონომიურობით და გარემოზე მინიმალური ნეგატიური ზემოქმედებით. ის ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ციანიდის ხსნარით ოქროს დაბალი კონცენტრაციის ამოკრეფის ხერხი ინჟინერმა და მეცნიერმა პ. რ. ბაგრატიონმა აღმოაჩინა 1843. ძვირფასი ლითონების ამოკრეფის პროცესი მოიცავს სამთო, გეოდეზიურ, მე­ტალ., მექან., ტექ. და სხვა სახის სამუშაოებს, რ-ებიც 24-საათიანი უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს.


კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა გარემოს დაცვაზე ზრუნვა. კარიერის დამუშავების შედეგად ხდება მცენარეული საფარის დაზიანება და რელიეფის დარღვევა, ამიტომ სამთო სამუშაოების დაწყების წინ ხდება გასაჩეხი ხეების მოცულობის აზომვა და შესაბამისი საკომპენსაციო ტყის გაშენება. კომპანია "არემჯის" საწარმოში შემოსვლის შემდეგ გარემოს დაცვის სფეროში გატარდა რიგი ღონისძიებები – 2012 ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის ახ. სტრუქტურა; შემუშავდა ახ. გარემოსდაცვითი პოლიტიკა. კომპანიის ქიმ. ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ექსპრესანალიზატორებით ხსნარებში მძი­მე ლითონების, ცი­ანიდებისა და სულფატის იონების შემცველობისა და ატმ. ჰაერის დაბინძურების განსასა­ზღვრავად. ყოველდღიურად მიმდინარეობს მონიტორინგი წყლის ჩაშვებაზე, ატმოსფეროში მტვრის გაფრქვევებზე, ციანწყალბადმჟავას (HCN) აირის რაოდენობაზე, სანაყაროებზე, მილსადენების გა­მართულობაზე, კუდსაცავზე (ნარ­ჩენი მასის ე. წ. "კუდების" სპეც. სანაყარო). საკარიერო მჟავე წყლების ნეიტრალიზაციის გარდა, აქ ტარდება მტვერთან ბრძოლის ქმედითი ღონისძიებები, რ-თაგან ძირითად საშუალებას წარმოადგენს მტვერწარმო­ქმნის კერების პერიოდული მორწყვა წყლით. ­მტვრის გამოფრქვევის შესამცირებ­ლად კომ­პანიის სპეც. მანქანებით ყოველდღიურად ირწყვება სატრანსპ. გზები. მტვერწარმო­ქმნის ძირითადი წყაროებია საკარიერო და მაგისტრალური გზები, ფუჭი ქანების სანაყაროები. მტვრის ემი­სიის კონტროლი ხორციელდება წყლის საშხეფი სისტემებით, რ-ებიც დამონტაჟებულია მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქ­ტებზე. ლა­ბო­რა­ტო­რია­ში სინჯე­ბის დამსხვრევისა და დაფქვის შედეგად წარმო­ქმნილი მტვერი გროვდება კოლექტორში, რ-შიც ჰაერი იფილტრება და მტვერი ხვდება კონტეინერში. აქედან იგი რეგულარულად იცლება გროვებში და დაუყოვნებლივ სველდება, რის შედეგადაც მტვერი იქვე ჩაირეცხება.


"არემჯი გოლდი" ბოლნისის რნში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, სადაც მუშაობს 1000- ზე მეტი ადამიანი, რ-თა 90% ადგილ. მოსახლეა. 2012–16 კომპანია "არემჯი გოლდმა" სა­ქარ­თვე­ლოში 300 მლნ. დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

მ. ნაცვლიშვილი.