აბანო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბანო, 1).ტანის დასაბანად საგანგებოდ მოწყობილი შენობა. ცხელი წყლის გარდა ზოგ ა-ში იყენებენ ცხელ ჰაერს (თურქული, ფინური ა.) ან ორთქლს (რუსული ა.). ზოგიერთ თანამედროვე ა-ში არის საცურაო აუზი, ფიზიოთერაპიული პროცედურების ოთახი, სადეზინფექციო კამერები. ა-ს ცხელი, ტენიანი ჰაერი და მაღალი ტემპ-რა, ტანის დაბანა და დაზელა ორგანიზმში ფიზიოლ. ცვლილებებს იწვევს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს კანის ფუნქციას.

ძვ. ეგვიპტესა და შუამდინარეთში ა. საცხოვრ. შენობის ნაწილი ყოფილა. ძვ. რომში თავდაპირველად პრიმიტიული ა-ები ჰქონიათ, შემდეგ თერმები გავრცელებულა. საქართველოში ძველთაგანვე სცოდნიათ, უმთავრესად მცირეაზიური (მ. შ. ქართული), რომაული და აღმოსავლური (სპარს.-თურქ.) ა-ები. გვიანდ. ანტ. ხანის ა-ები აღმოჩენილია არმაზისხევში (იხ. არმაზისხევის აბანო), ბაგინეთში, ძალისში, ბიჭვინთაში, შუხუთში, გეგუთში, ციხისძირსა და ურბნისში. ფეოდ. ხანის ა-ები ან მათი ნანგრევები შემონახულია დმანისის ციხეში, ქვემო ჭალაში (კასპის მუნიციპ.), ახალციხეში, თელავში, გრემში, ალავერდში, სამშვილდეში, ხერთვისში, გორში, თბილისში. სხვადასხვა ტემპ-რის და ქიმ. შედგენილობის მინერ. წყლის ა-ებს საქართველოში ძველთაგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. ბუნებრივ ცხელ წყალს აგრილებდნენ, ცივს კი ათბობდნენ სპეც. დახურულ შენობაში ან გარეთ მოწყობილ ღია აუზებში; სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ იყენებდნენ ე. წ. „აბანო-სასუნებელს“; საგანგებო მილით შეისუნთქავდნენ ცხელი მინერ. წყალის ორთქლს. იმთავითვე ცნობილი ყოფილა ნაქალაქევის, წყალტუბოს, უწერის, ოცხის, ცაიშის, ზეკარის, ნუნისის, ციხისჯვრის, დვალიშვილებისა და სხვა ცხელი, თბილი და ცივი მინერ. წყლის ა-ები. სამკურნალო თვისებებით გამოირჩეოდა ოცხის ა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: ოძრხის „სამხრით არს მთის კალთას წყაროდ გამომდინარე, ფრიად დიდი და ცხელი, მდუღარის მგზავსი, რომელსა უწოდებენ ოცხეს. მას ზედა არს შენი აბანო, და ბანაობენ მრავალნი, რამეთუ ჰკურნებს ქარით დახუთვილსა ძლიერსა, მუწუკსა და ბუგრსა, ძნიად საკურნებელსა მკურნალთაგან“ („აღწერა სამეფოსა საქართველოსა“). მთელ ახლო აღმოსავლეთში განთქმული იყო თბილ. ცხელი მინერ. წყლის ა-ები. ამ წყლის აღმოჩენას ლეგენდა ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში (თბილისში – რედ.) არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტ. ცნობებით XIII ს. თბილისში მინერ. წყლის 65 ა. ყოფილა. თბილისის ა-ებზე ცნობებს გვაწვდიან XIII–XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVII ს. რუსი ვაჭარი ვასილი გაგარა. იმავე ა-ებს აღწერს ვახუშტი ბაგრატიონი. XVII–XIX სს. თბილისში იყო ე. წ. გრილი, ორბელიანის, ერეკლეს, მეითარის, ბებუთას და სხვათა ა-ები. ა-ს ძვ. თბილისში მარტო სამკურნ. და ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონდა, აქ ხშირად მთელი დღ���თ მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს. ამჟამად ძვ. სამკურნ. ა-ების ბაზაზე ბალნეოლ. კურორტებია.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხაჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1937; შარდენი ჟ.,მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მ. მგალობლიშვილის გამოც., თბ., 1975.

ლიტ: გრიშაშვილი ი., ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა, თხზ. კრ. ხუთ ტომად, ტ. 3, თბ., 1963; მცხეთა I, თბ., 1955.

ი. ციციშვილი. ნ. რეხვიაშვილი.


აბანო, 2).აბანოს სერი, უღელტეხილი თელავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ ქედზე, ბულანჩოსწვერისა და დიდგვერდის მთებს შორის, სიმაღლე 2950 მ. მდ. სტორის ხეობას აკავშირებს თუშეთის ალაზნის ხეობასთან. აბანო, მდინარე აღმ. საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. სტორის (ალაზნის აუზი) მარცხ. შენაკადი. სიგრძე 6 კმ, აუზის ფართ. 25 კმ² . საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე იცის მცირე წყალდიდობა, ზაფხულსა და შემოდგომაზე –წყალმოვარდნები. აბანო, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ლოპანისწყლის (დასავლეთის ფრონის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 720 მ, ქარელიდან 27 კმ. 239 მცხ. (2014). სოფელში არის დოლომიტების საბადო.

ა. იხსენიება 1636 როსტომ მეფის წყალობის წიგნში. სოფლის სახელწ. აქაურ გოგირდოვან წყლებთან უნდა იყოს დაკავშირებული, რასაც ვახუშტი ბატონიშვილიც აღნიშნავს: „აბანოს დის თბილი წყალი, ჰკურნებს ქარით დახუთვილსა და ბუგრსა-მუწუკსა“.

სოფლის განაპირას, გზის პირზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. აგებულია XIX ს-ში (დაზიანებულია). ჩრდ.-დას. ნაწილში, სასაფლაოზე, წმ. მარინეს ეკლესიაა (XVII ს.), რ-ის მხატვრობა XIX ს-ით თარიღდება.

ჯ. გვასალია.


აბანო,3).სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თრუსოს ხეობაში, მდ. თერგის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 2160 მ, სტეფანწმინდიდან 34 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რიცხოვნობა არ აღემატება 10 კაცს. ა-ს მიდამოები მდიდარია თერმული წყლებით, რ-ითაც მოსახლეობა ძვ. დროიდან სარგებლობდა (აქედან მომდინარეობს სოფლის სახელწ. „აბანო“). სოფლის აღმ-ით, 2300 მ სიმაღლეზე, არის მინერ. ტბა.

ა. ადრინდ. ფეოდ. ხანაში ადმინისტრაციულად წანარეთის ხევში შედიოდა, XIV ს-იდან – ქსნის, XVI–XVIII სს-ში – არაგვის საერისთავოში; საქართვ. რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ, ჯერ ანანურის, შემდგომ დუშეთის მაზრის მთის ოლქს ეკუთვნოდა. ა-ს უძველესი მოსახლ. ქართული იყო. გვიანდ. ფეოდ. ხანაში მას შეერია ოსური ეთნოსი.

სოფელში შემონახულია გეგმით კვადრატული, წესიერ, ჰორიზ. რიგებად ნაწყობი ნატეხი ქვით ნაგები ორი კოშკი (XVII ს.). მათგან ერთი ხუთსართულიანია. სართულებშუა გადახურვა ხისაა, კედლებში სათოფურებია. გარედან უმარტივესი, თავიდან ბოლომდე ერთნაირი ფაქტურის მქონე, ვიწრო და მაღალი (დღევანდელი სიმაღლე – 17 მ) კოშკი დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი გეომ. დახვეწილობითა და ატყორცნილი პროპორციებით. იქვე დგას მეორე, ოთხსართულიანი კოშკი, რ-იც უფრო დიდია, მაგრამ სილამაზით პირველს ვერ შეედრება. ორივე კოშკი ერთიან კომპლექსს ქმნის. საჭიროების შემთხვევაში მათ ალბათ დროებით საცხოვრებლადაც იყენებდნენ.

ლიტ.: ბერიძე ვ., XVI – XVIII სს. ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983.

ჯ. გვასალია. ვ. ბერიძე.


აბანო, 4).სოფელი ჯავის მუნიციპალიტეტის ყემულთის თემში, მდ. სარიტათის (ფაწის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 1440 მ, ჯავიდან 20 კმ. ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.