აბასთუმანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
  აბასთუმანი  
  1).დაბა (1926-იდან) ადიგენის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ოცხის ხეობაში, ბაღდათ – ბენარის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1200–1450 მ, თბილისიდან 240 კმ, ახალციხიდან 28 კმ. ადიგენიდან 25 კმ. 1200 მცხ. (2014).
    ა. კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ცივი თოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –5,4°C) და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 17,3°C). ნალექები – 620 მმ  წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე ზაფხულში 48%-ს არ აღემატება. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 1967 სთ. ა. და მისი მიმდებარე მთის მასივები დაფარულია წიწვოვანი ტყით, უპირატესად ფიჭვნარით. ჰაერი სუფთა და გამჭვირვალეა.
    ძირითადი ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია ჰავა და ადგილობრივი მინერ. წყალი. ჰავას წარმატებით იყენებენ ფილტვების სხვადასხვა პათოლოგიების რეაბილიტაციის მიზნით. კურორტის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცნობილი თერმული მინერ. წყლები ქიმ. შედგენილობით განეკუთვნება სულფატურ-ქლორიდული კალციუმ-ნატრიუმიანი წყლების ჯგუფს. მინერალიზაცია – 0,6 გ/ლ. სამი წყაროს („გოლიათის წყარო“, „გველის წყარო“, „ სურავანდის წყარო“) დღ-ღ დებიტი 1 მლნ. ლ აღწევს. მინერ. წყალს იყენებენ საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, პერიფერიული ნერვული სისტემის, ასევე კანის დაავადების, საშარდე და სასქესო ორგანოების სამკურნალოდ. კურორტში ფუნქციონირებს შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“, რ-იც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ა-ში  თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა ახალი სარეაბილიტაციო დაწესებულება. ამჟამად მიმდინარეობს  ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება, ძვ. ისტ. შენობების რეაბილიტაცია და ახალი სასტუმრო კომპლ. მშენებლობა. ა-ის მახლობლად, მთა ყანობილზე, მდებარეობს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. 
    გამოთქმულია მოსაზრება, რომ IX–X სს. ქართ. ისტ. წყაროებში მოხსენიებული ციხე-ქალაქი „ოძრახე“, „ოძრხე“ დღევანდელი ა-ის მიდამოებში მდებარეობდა. გვიანდ. შუა საუკუნეებში დამკვიდრდა სახელწ. „ოცხე“ („ოძრხეს“ სახენაცვალი ფორმა). სახელწ. „ა.“ ახ. სახელია (XIX ს-იდან), რ-იც მიიღო მეზობლად მდებარე სოფლისაგან. თვით ოძრხე ამ დროს დაცარიელებული იყო.
    ქ. ოძრხისაგან ძვ. ციხეთა ნანგრევების გარდა დღემდე არაფერს მოუღწევია. ერთი ციხე სოფ. ვარხანთანაა, მეორე – „თამარის ციხე“ – ა-ში, მდ. ოცხის მარჯვ. ნაპირზე, ტყიან მთაზე. ქვემო ა-ში, მდინარის მარცხ. ნაპირზე, უგუმბათო ეკლესიაა, რ-საც, მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, ძვ. ნაწილიც შერჩენილი აქვს: დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი და ჩუქურთმიანი არშიებით შემკული სარკმლები დას. ფასადზე (სავარაუდოა, XIV ს.). შუა ა-ში დგას ახ. ეკლესია, რ-იც რუს. სამეფო ოჯახის წევრის გიორგის სურვილითაა აგებული (1899–1904, არქიტ. ო. სიმონსონი). იგი ავადმყოფი იყო და ა-ში ცხოვრობდა. მანვე შეაკეთებინა ზარზმის მონასტრის ძვ. ტაძარი. ა-ის ახ. ეკლესია თითქოს ძვ. ზარზმის მიხედვითაა აშენებული (მას „ახალ ზარზმას“ უწოდებენ) და მასზე პატარაა.  ეკლესიაში საინტერესოა კედლის მხატვრობა (მოხატა ცნობილმა რუსმა მხატვარმა მ. ნესტეროვმა 1902–04). მდ. ოცხეზე  შემორჩენილია XII–XIII სს. ხიდი.
                                                                                 რ. ჟღენტი. თ. ჯიჯეიშვილი. ც. ვაშაკიძე.
 2).სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტის, ვარხანის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), ახალციხის ქვაბულში, მდ. ოცხის ნაპირზე, ბაღდათ – ბენარის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1160 მ, ადიგენიდან 18 კმ. 256 მცხ. (2014).					     სახელწ. „აბასთუმანი“ სახეცვლილი ფორმაა „აბასთუბნისა“. წარმომდგარი უნდა იყოს ამ სოფელში მცხოვრებ აბასაძეთა (აბაზასძეთა) საგვარეულო სახელისგან.  „ა.“ დადასტურებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს. მიწურული). ოსმ. ადმ. დაყოფით ა. ახალციხის ლივის ოცხის ნაჰიეში შედიოდა. 1829 დაუბრუნდა საქართველოს.                                                     											ი. სიხარულიძე.
 3). აბასთუმანი, სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო-სვანეთის რეგიონი), ოდიშის დაბლობზე, მდ. ჯუმის (ენგურის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., მენჯი, ხეცერა). ზ. დ. 100 მ. ზუგდიდიდან 18 კმ. 920 მცხ. (2014). 
 4). მცირე ცთომილი Nº 1390. საშ. მანძილი მზიდან 513 მლნ. კმ, გარემოქცევის პერიოდი 6,4 წ, საშ. ვარსკვლავიერი სიდიდე 14,6.
     აღმოაჩინა რუსმა ასტრონ. გ. შაინმა (1935 წ. 3 ოქტ.). მანვე უწოდა სახელი ასტრონ. მეცნიერების განვითარებაში აბასთუმნის ასტროფიზ. ობსერვ. წვლილის აღსანიშნავად.