აბაშიძე გრიგოლ გრიგოლის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
12:51, 7 აპრილი 2021-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search
აბაშიძე გრიგოლ (1914—1994).

აბაშიძე გრიგოლ გრიგოლის ძე [19. VII (1. VIII). 1914, სოფ. ზედა რგანი, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 29. VII. 1994, თბილისი], მწერალი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1936). იყო ჟურნ. „ნიანგის“ (1944–51), „დროშის“ (1951–60) და „მნათობის“ (1960–67) რედაქტორი, 1967-იდან – საქართვ. მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, 1973–81 ამავე მწერალთა კავშირის გამგეობის თავ-რე. 1982-იდან ხელმძღვანელობდა საქართვ. მინისტრთა საბჭოსთან არსებულ შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიების კომიტეტს (1992-იდან – საქართვ. მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ლიტ-რის, ხელოვნ. და არქიტ. სახელმწ. პრემიების კომიტეტს). 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი იყო.

ა-ის პირველი ლექსები 1934 გამოქვეყნდა. ლექსთა პირველ კრებულში (1938) იგი წარმოჩნდა როგორც ახ. გზებისა და ახ. გამომსახველობითი საშუალებების მაძიებელი პოეტი. მის პოეზიაში ნათელი გამოხატულება პოვა თანამედროვე ადამიანის მდიდარმა ფსიქოლოგიურმა სამყარომ; მასში მოქალაქეობრივი პათოსი მჭიდროდ დაუკავშირდა სამყაროს ლირ. და რომანტ. აღქმას, აისახა ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაც და გარდასული საუკუნეებიც. ა-ის ლექსის წამყვანი თემაა სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი, ჩვენი ხალხის ჰუმანიზმი, პატრიოტიზმი და ინტერნაციონალიზმი. ა-მ განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე ხალხთა ბრძოლის თემა („ამ დიდ ხმაურში“, „ფოლადის სიმღერა“, პოემები: „ძლევის ქედი“, 1943; „ზარზმის ზმანება“, 1946). მის პოემებში ახ. სახით და ახ. ეტაპის შესატყვისად აღდგა კლასიკური პოემის ტრადიცია („შავი ქალაქის გაზაფხული“, 1938; „გიორგი VI“, 1942). ისტ. სიმბოლოებში და ფილოს. ასპექტებში გადაწყვიტა პოეტმა ახლის მშენებლობის პრობლემა პოემაში „ფიქრები ენგურის ხეობაში“ (1973). პოეტი არაერთგზის უბრუნდება სიყვარულის მარადიულ თემასაც და ახერხებს ახ. და თავისებური ჟღერადობა შესძინოს სატრფიალო პოეზიას („განმეორდება!“, „გაზაფხული“, „სანაპიროზე სამი ფანჯარა“, „ორი ტრიოლეტი“, „ჯიგთახათუნი“, „ოცნება უფლისწულისა“, „საყურე“, „ორი ისარი“ და სხვ.). ლექსების ციკლისთვის „სამხრეთ საზღვრებზე“ (1949) და „სამგორის ველზე“ (1950) ა-ს მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1951).

ა-ის ისტ. რომანებში „ლაშარელა“ (1957), „დიდი ღამე“ (1963), „ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“ (1975) აღწერილია ქართვ. ხალხის ტრაგედია XIII ს. პირველ ნახევარში, როცა საქართველოს დიდი აღორძინება მონღოლთა ურდოების შემოსევამ შეწყვიტა. ამ წიგნებში არა მხოლოდ ქართვ. ერის ტრაგიკული წარსული აისახა, მათში ისმის კაცობრიობის უთვალავი ტანჯვის გამოძახილიც. მწვავე მორალურ-ეთიკურ პრობლემებს აღძრავს მწერალი რომანებში „ყორნალი“ (1967) და „სამძიმარი“ (1984); პიესაში „მოგზაურობა სამ დროში“ (1961) მწერალმა დასვა შემოქმედებისა და ხელოვანის როლის საკითხი ხალხის ცხოვრებაში და ხელოვნების მარადიული არსებობის პრობლემა. ა-ს ეკუთვნის მოთხრობები „ქვევრი“ (1961, სათაურით „შემოღამება ქვევრში“), „ცხოვრება წინ არი“ (1964), „სისასტიკის გაკვეთილი“ (1965) და სხვ. დიდი ამაგი დასდო ქართ. საბავშვო ლიტ-რის განვითარებასაც [„მეც მასწავლეთ“, „თოლია და დედოფალა“, „ავი-ღლავი“, „მე და ნიკა“,, „ნაბოლარა წიწილა“, „ვინ დიდი და ვინ პატარა“ (1988) და სხვ.]. ა-მ თარგმნა ა. პუშკინის, ა. მიცკევიჩის, შ. პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვათა ნაწარმოებები. 1983 ფრანგულიდან თარგმნა პიერ რონსარის რჩეული ლექსები. 1986 გამოიცა ა-ის რჩეული თარგმანები „ასკილის რტოზე გალობს ბულბული“. სსრკ VIII– X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მონაწილეობდა მშვიდობის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში სტოკჰოლმში (1958) და პოეტთა საერთაშ. კონგრესების მუშაობაში. ა-ის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. სოციალ. შრომის გმირი (1974).

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: რჩეული, თბ., 1960; თხზულებანი სამ ტომად, თბ., 1970 – 74; წინაპრები და თანამედროვენი, თბ., 1979; ორი სახლი, თბ., 1983; მიწისძვრა. პიესა, თბ., 1985; ვალი, თბ., 1988; არყოფნისაკენ, თბ., 1994.

ლიტ.: აფხაიძე შ., კრიტიკული წერილები, თბ., 1959; მარგველაშვილი გ., ლიტერატურული წერილები, თბ., 1972; ნატროშვილი გ., ორი საუკუნის მიჯნაზე, თბ., 1963; რადიანი შ., ლიტერატურული პორტრეტები, თბ., 1953.

გ.ნატროშვილი.