აბდუშელიშვილი დავით ანდრიას ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბდუშელიშვილი დავით ანდრიას ძე (1847–1919, ქუთაისი), პუბლიცისტი, კრიტიკოსი. ქუთ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტერბ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. იყო ვექილი. თანამშრომლობდა ჟურნ. „იმედთან“, გაზ. „დროებასთან“, იყო ქუთათური გაზ. „შრომის“ ორგანიზატორთა ჯგუფში. იზიარებდა ქართვ. რევოლუციონერი ხალხოსნების იდეოლოგიას. მისი კრიტ.-პუბლიც. წერილები იბეჭდებოდა ხალხოსანთა ორგანოში „იმედში“ და გაზ. „დროებაში“. საინტერესოა ა-ის წერილი «„ივერიის“ შარშანდელი მე-IV და ამ წლის I წიგნები» („იმედი“, 1881 წ., Nº 1), რ-შიც გამოთქმულია როგორც მისი ხალხოსნური შეხედულებანი და ესთეტიკა, ისე დამოკიდებულება მის თანამედროვე პუბლიცისტიკასთან (გ. თუმანიშვილის წერილის „შარშანდელი რუსეთის“ მიმოხილვა, ი. როსტომაშვილის წერილის „განათლება და ვაჭრობის“ განხილვა, ე. გაბაშვილის, ვ. ორბელიანის, ა. წერეთლის მხატვრულ თხზულებათა კრიტ. ანალიზი, ა. პუშკინის პოემის „ბახჩისარაის შადრევნის“ მ. თუმანიშვილისეულ, ა. ბუვიეს „იზას“ ი. ჭავჭავაძისეულ და ო. გოლდსმითის „ვეკფილდის მოძღვრის“ ლ. რაზიკაშვილისეულ თარგმანთა ანალიზი).

ა-მა გაიაზრა ხალხოსან პუბლიცისტთა და კრიტიკოსთა ძირითადი, ნიჰილისტური და ნატურალისტური შეხედულებანი (კერძოდ ა. პუშკინის შემოქმედების მიმართ).

აქვს წერილები მაშინდელი განათლების სისტემისა და სასწავლებელთა მდგომარეობაზე („დროება“), საჩხერის სკოლაზე, აგრეთვე სასამართლოს საქმიანობაზე, ქართვ. გლეხობის ეკონ. მდგომარეობაზე და სხვ.


ს. ხუციშვილი.