აბზინდა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
19:40, 6 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: 1).აბზინდა (Artemisia absinthium), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყ...)
Jump to navigation Jump to search

1).აბზინდა (Artemisia absinthium), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

მისი სიმაღლე 60–100 სმ აღწევს. ფრთისებრ განკვეთილი ფოთლები აქვს. კალათები მოკლე საყვავილე ღერძზეა განლაგებული ცალგვერდა მტევნებად და შეკრებილია გრძელ საგველასებრ ყვავილედებად. ა. ჩვენში ფართოდ გავრცელებული (აფხაზეთი, სვანეთი, სამეგრელო, ქართლი და სხვ.) მცენარეა. იზრდება დანაგვიანებულ ადგილებზე, გზისპირებსა და რიყეზე. ყვავილობს ივლ.-ოქტ-ში. შეიცავს ეთეროვან ზეთს, რ-იც შედგება თუიოლის სპირტისა და ნახშირწყალბადებისაგან, მწარე გლიკოზიდ აბსინთინისა და ანაბსინთინისაგან, აგრეთვე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგ. მჟავებს, ასკორბინის მჟავას და სხვ. ფოთლისა და ყვავილის ნაყენს (სპირტიანი და უალკოჰოლო) და ექსტრაქტს ხმარობენ მედიცინაში მადის მომგვრელ საშუალებად.

ზ. შენგელია.

2).აბზინდა, სარტყლის, ფეხსაცმლის და სხვა მისთანათა შესაკრავი, უფრო ხშირად ლითონისა.

ა-ს ზოგჯერ ბალთას ეძახიან. საქართველოსა და შუა კავკ. ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლ. დასასრულიდან I ათასწლ. შუა ხანამდე ფართოდ იყო გავრცელებული ბრინჯაოს სწორკუთხა ა., რ-საც შიდა მხრიდან შესაკრავი კავი აქვს. ამგვარ ა-ებზე ხშირად ამოკვეთილია მითოლოგიური ცხოველების გამოსახულებები და გეომ. სახეები. ახ. წ. პირველ საუკუნეებში საქართველოში ასხამდნენ ჭვირულ ა-ებს (საშ. ზომა 12 X 12 სმ), რ-თა ჩარჩოზე – არშიაზე – გამოყვანილია ზენური ხვია, ხოლო მის შიგნით, უმეტეს შემთხვევაში, ოთხი ცხოველის გამოსახულება. როგორც წესი, ცენტრ. ადგილი უკავია სტილიზებულ ირემს, ხარს, ჯიხვს ან ცხენს, რ-თა წინ, ქვევით და ზევით სხვადასხვა ცხოველის მინიატიურული გამოსახულებაა. რადგან ძველად ქართვ. და ზოგიერთ სხვა ტომებში სარტყელი წარჩინებულობის ნიშნად იყო მიჩნეული ან საღმრთო (საკულტო) მნიშვნელობა ჰქონდა, სავარაუდოა, რომ ა-ზე გამოსახული სცენები და სურათები სიმბოლურ-მაგიური და მითოლოგიური შინაარსის მატარებელია.

გვიანდ. ანტ. ხანიდან რომაული კულტ. ზეგავლენით მთელს მსოფლიოში გავრცელდა ახ. ტიპის ა. – მომცრო, ენიანი და გამირიანი.

ხევსურეთში ა-ს საყრელს, კარშიკს უწოდებენ, სამეგრელოში–ყუნს. ა-ის სახესხვაობაა აგრაფი, რ-საც ანტ. ხანაში წამოსასხამის შესაკრავად ხმარობდნენ.

ი. გაგოშიძე.