აბიბოს ნეკრესელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
19:56, 6 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბიბოს ნეკრესელი, საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასურელ მამათაგან...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბიბოს ნეკრესელი, საეკლესიო მოღვაწე, ერთი ასურელ მამათაგანი.

საქართველოში მოვიდა სირიიდან (VI ს. II ნახ.). თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა დიაკვნად, შემდეგ ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები, ებრძოდა ირანის ოფიც. რელიგ. (ზოროასტრიზმის) გავლენას, მოსპო ნეკრესის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი (წყლით ჩააქრო რიტუალური ცეცხლი), რისთვისაც შეიპყრეს და მარზპანის ბრძანებით სოფ. რეხში ქვით ჩაქოლეს, ხოლო გვამი მხეცებს მიუგდეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა). ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში ა. ნ. ემყარებოდა ანტ. ფილოსოფიას, კერძოდ, ოთხი ელემენტის თეორიას, რ-ის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან. ეს თეორია ა. ნ-ის შეხედულებებში შერწყმულია ქრისტ. წარმოდგენასთან ღმერთზე, როგორც შემოქმედზე. ა. ნ-ის შეხედულებები ანტ. ფილოს. და ქრისტ მოძღვრების შეერთების ცდაა. ქართ. წყაროს შემოუნახავს მარზპანის წინაშე სასამართლოზე ა. ნ-ის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რ-შიც ეხება ქრისტ. რელიგ. უპირატესობასა და ცეცხლის ღმერთად აღიარების უაზრობას. ამ სიტყვიდან ჩანს ფილოს.-თეოლ. აზროვნების მაღალი დონე იმ დროის საქართველოში.

ქრისტიანობის გავრცელება-განმტკიცებისათვის ა. ნ-ის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართველთა ეროვნ. შეგნების ამაღლებას, იდეოლოგიური ნიადაგი მოუმზადა სპარსელ დამპყრობელთა უღლისაგან ქართველთა გამათავისუფლებელ ბრძოლებს. ა. ნ-ის ეროვნ. ღვაწლი ქართველობამ დააფასა ჯერ კიდევ ძველ დროსვე. ცნობები მის შესახებ ჩართულია სხვა ასურელი მამების ცხოვრების ტექსტებში. ცალკე თხზულებას ა. ნ-ზე, რ-იც შედგენილი ყოფილა VI–VII სს-ში, ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ქართლის კათალიკოსის არსენ I დიდის მიერ ამ თხზულების საფუძველზე შედგენილი ა. ნ-ის „ცხოვრების“ ტექსტი. ა. ნ. საგანგებოდ არის მოხსენიებული „ქართლის ცხოვრებაში“, კერძოდ ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებებში. ამასთან, ძველადვე დაუწესებიათ ა. ნ-ის ხსენების დღე დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს მონასტერში, წმინდა ტრაპეზის ქვეშ. ხსენების დღეა 29(12. XII) ნოემბერი.

ლიტ.: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1956; ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956.

ბ.ლომინაძე. შ.ხიდაშელი.