აბრეშუმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბრეშუმი (<სპარს. აბრიშომ, ძვ. ქართ. – ჭიჭნაური), ბუნებრივი საფეიქრო ბოჭკო.

ა-ის მთლიანი მასა წარმოიქმნება აბრეშუმის ჭიის სანაფე (აბრეშუმის გამომყოფ) ჯირკვლებში, საიდანაც გამოიყოფა ორი უწყვეტი ელემენტარული ძაფის სახით. ა. მაგარი, ჭიმვადი, ჰიგროსკოპიული და ჰაერგამტარი კარგი ელექტროიზოლატორია. მისგან ამზადებენ მსუბუქსა და ლამაზ ქსოვილებს, იყენებენ აგრეთვე მედიცინაში (ქირურგ. ძაფად). დანიშნულების მიხედვით შეიძლება იყოს ტექნიკური, საპარაშუტო, საწისქვილე (საცრებისათვის), სატანსაცმლე, სასარჩულე, საქოლგე, საფეხსაცმლე, საბაღდადე, გასაწყობი და სხვ. ცალკე ჯგუფს შეადგენს ბუნებრივი ა-გან მიღებული კრეპის ქსოვილები: კრეპდეშინი, კრეპჟორჟეტი, კრეპსატენი და სხვ. სინთეზური ა-ის ქსოვილები ძალიან გამძლეა, მაგრამ მეტად დაბალი ჰიგროსკოპულობით ხასიათდება. არის აგრეთვე ხაოიანი ა-ის ქსოვილები: ხავერდი, პლუში და სხვ.

XIX ს. დასაწყისში იტალიელმა ბატალიმ შექმნა პირველი მექან. აბრეშუმსახვევი დაზგა. ამავე საუკუნის 80-იან წლებში ფრანგმა ე. სერელმა ავტომ. ძაფსაღები დაზგა გამოიგონა. ყოფ. სსრკ-ში მექან. აბრეშუმსახვევი დაზგა („კმს“-10) პირველად თბილ. 26 კომისრის სახ. ქ-ნამ დაამზადა და მოამარაგა ქვეყნის ყველა ძაფსაღები ფ-კა. მექან. ძაფსახვევ დაზგაზე აბრეშუმის პარკის ამოხვევის ზოგი პროცესი ხელით სრულდება. ამჟამად შექმნილია ავტომ. ძაფსაღები მანქანებიც.

საქართველოში ა-ის შინამრეწველური წარმოება ცნობილია უძველესი დროიდან. XIX ს-მდე ჩვენში ფართოდ იყო გავრცელებული ა-ის ძაფის ამოხვევის, დართვისა და ქსოვის წესი. ამოსახვევად გადარჩეულ პარკს მზეზე დაყრიდნენ ხოლმე, რომ შიგ ჭუპრი მოეკლათ. მერე მდუღარეში ჩაყრიდნენ და ძაფს შულოებად ამოახვევდნენ საგანგებო ხელსაწყოზე („ელართაშე“, „ოგიდაშე“ – სამეგრელოში; „ოგვადო“ – გურიაშ;, „სამუხველი“, „სამუხოველი“ – იმერეთში; კახეთში სპეციალურ ჯარას, „მანჯანიკს“ ხმარობდნენ). შულოებს ფირფიტაზე გადაახვევდნენ, ამოხვეულ ძაფს დაართავდნენ თითისტარზე, რ-საც სიმძიმისთვის ბოლოზე ქვის კვირისტავი ჰქონდა წამოგებული. ცალწვერად დართულ ძაფს შემდეგ ისევ თითისტარზე ორწვერად და სამწვერად შეაძახავდნენ. დაძახულ ძაფს შულოებად ამოახვევდნენ და დასარბილებლად და გასათეთრებლად ნაცარტუტაში გამოხარშავდნენ. XIX ს. დასაწყისიდან თანდათან გაიზარდა ა-ის ნედლეულის სასაქონლო წარმოება და მისი ექსპორტი დას. ევროპასა და რუსეთში. ა-გან საქსოვ დაზგაზე ქსოვდნენ თავთას, მერდინს, დარაიას; ჩხირებითა და ყაისნაღებით – თავსაფრებს, წინდებს, ტოლაღებს, ქისებს, ხელთათმანებს, ბადეებს და სხვ.; ფირფიტებით – ჩახსაკრავებს, სახიან სარტყლებს, ყაითნებს, ჩაფირიშებს და ტანსაცმლის სხვა საოლველს. თანამედროვე ა-ის ქსოვილების დამზადება საქართველოში დაიწყო XX ს. 20-იანი წლებიდან (იხ. აგრეთვე სტ. აბრეშუმის მრეწველობა).

ლიტ.: აბესაძე ნ., მეაბრეშუმეობა საქართველოში, თბ., 1957; დოლიძე ი., აბრეშუმის პარკის დამზადებისა და პირველადი დამუშავების ტექნოლოგია, თბ., 1964.

ნ. აბესაძე. ი.დოლიძე.