აბრსკილის მღვიმე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
20:13, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: აბრსკილის მღვიმე, კარსტული მღვიმე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

აბრსკილის მღვიმე, კარსტული მღვიმე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ. ოტაფის აუზში, ფანავის ქედის სამხრ. მთისწინეთში. სოფ. ოტაფიდან 1,5 კმ.

გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში, ზ. დ. 210 მ სიმაღლეზე. ა. მ-ში მკაფიოდ გამოიყოფა ძირითადი მეანდრირებული გრძელი გასასვლელი (საშ. სიგანე 3 – 60 მ, მაქს. სიმაღლე 20 მ), რ-იც 1710 მ-მდე გრძელდება და სიფონებით იხშობა. ჭერის ჩამონგრევის ადგილებში მოზრდილი დარბაზებია: „აბრსკილი“ (გადმოცემით აქ, ერთ-ერთ სტალაგმიტზე, მიჯაჭვული იყო ლეგენდარული აბრსკილი), „ჭაღებიანი დარბაზი“, „ფარდებიანი დარბაზი“, „მეანდრირების“, „გუმბათისებური“, „გიგანტური “ და სხვ. მღვიმის საპროექტო სიგრძე 2,5 კმ-მდეა, ფსკერის ფართ. 19, 1 ათ. მ², საერთო მოცულობა 95, 5 ათ. მ³. ა. მ-ში გაედინება მდ. აჩყითიზგო – დებიტი 45 ლ/წმ-მდე, წყლის სიღრმე 0,4 – 1,2 მ ფარგლებში მერყეობს, ტემპ-რა 12,5°C-მდეა. ა. მ. მდიდარია სუბტერალური ნალექებით. ცალკეული უბნები უხვად არის მორთული მრავალფეროვანი სტალაქტიტური წარმონაქმნებით, მათ შორის არის ანომალიური ფორმები, ძაფისებური სტალაქტიტები, კალციტის ფარდები, 8 მ სიმაღლის კარსტული სვეტი. პლასტ. თიხების სიმძლავრეა 3–4 მ. მიკვლეულია მღვიმური დათვის მთლიანი ჩონჩხი, მუსტიეს ხანის ქვის ხელნაჯახი და სხვ.

ა. მ. ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი მღვიმეა კავკასიაში.

ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009; Маруашвили Л. И., Пешера Абласкира – замечательное карстовое образование в Абхазии, «Природа», 1938, # 10.