აგავა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აგავა (Agave), მცენარეთა გვარი აგავისებრთა ოჯახისა.

აქვს მოკლე ღერო და როზეტისებურად შეკრებილი დიდი, ზოგიერთ სახეობას ხორცოვანი, ჭრელი და ეკლიანი ფოთლები (როზეტში ჩვეულებრივ 20 – 50, იშვიათად 200-მდე ფოთოლია). ა. ყვავილობს ერთხელ, 6 – 15 წლისა (ზოგჯერ უფრო გვიან), მაისიდან აგვ-მდე. ეზრდება 10 – 12 მ სიმაღლის საყვავილე ღერო და უხვად გამოაქვს ყვავილი (17 ათ-მდე). ცნობილია ა-ის 300-ზე მეტი სახეობა. ველურად ხარობს მექსიკაში. დეკორ. მცენარეა. უფრო გავრცელებულია ამერიკული ა. (A. Americana), რ-იც გაშენებულია საქართვ. შავი ზღვის სანაპიროს პარკებში, თბილ. ბოტან. ბაღში, სკვერებსა და სხვ. ა-ის ბევრი სახეობის ფოთლისაგან იღებენ ბოჭკოს (სიზალი, გენეკენი და სხვ.) და ამზადებენ თოკს, ჯაგრისს, უხეშ ქსოვილს, ნარჩენებისაგან – შესაფუთ ქაღალდს, შაქრიანი წვენისაგან – ალკოჰოლიან სასმელებს. მექსიკაში ზოგიერთი ა-ის ფესვს მედიცინაში ხმარობენ.