ადარნასე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
14:24, 17 მაისი 2022-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

1).

ადარნასე.

ადარნასე, ქართლის ერისმთავარი (VII ს. I ნახ.), გუარამის ძე.

უფლისწულობაში ატარებდა ვიპატოსის ბიზანტ. საკარისკაცო ტიტულს. ამ ტიტულით იხსენიება იგი მცხეთის ჯვრის ტაძრის აღმ. კედლის რელიეფურ გამოსახულებაზე, როგორც ამ ტაძრის ერთ-ერთი ქტიტორი. აგრეთვე მცხეთის ჯვრის ქვაჯვარის კვარცხლბეკის წარწერაში. VII ს. დამდეგიდან ა. ქართლის ერისმთავარი იყო. იგი შეცვლილ პოლიტ. ვითარებაშიც ცდილობდა გაეტარებინა მამამისის პრობიზანტ. საგარეო და სარწმუნოებრივი გეზი, რამაც თავისი გამოხატულება პოვა ქართლისა და სომხ. საეკლესიო განხეთქილებაში (იხ. საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში). ა. რამდენჯერმე იხსენიება ამ განხეთქილების ისტ. ამსახველ სომხ. „ეპისტოლეთა წიგნში“ (პირველად 606 წ. წერილში) ქართლის სხვა მთავრებს შორის, მაგრამ როგორც ერისმთავარი, ყოველთვის პირველი წერია. VII ს. 10-იან წლებში ა. ირანელებმა გადააყენეს, მაგრამ სამხრ. კავკასიაში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობების (627–628) შედეგად მან კვლავ დაიბრუნა ერისმთავრობა.

VII ს-ის 30-იანი წლების ბოლოს ა-ს იხსენიებს სომეხი ისტორიკოსი მოვსეს კალანკატვაცი, როგორც ქართველთა ქვეყნის „დიდად პატივცემულ იშხანს (მთავარს)“, რ-საც ჰერაკლე იმპერატორისაგან სამმაგი პატივი ჰქონია მინიჭებული. ამ ისტორიკოსის ცნობით, ა-ს „მშვიდობის ურღვევი კავშირი“ შეუკრავს ალბ. მთავარ ჯავანშირთან, მიუშველებია მისთვის ქართველთა ჯარი, რ-ის დახმარებითაც ჯავანშირს გამარჯვება მოუპოვებია ირანელებზე უტის მხარეში.

წყარო: ეპისტოლეთა წიგნი, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968; მოვსეს კალანკატუაცი, ალვანთა ქვეყნის ისტორია, ლ. დავლიანიძე-ტატიშვილის გამოც., თბ., 1985.

ლიტ.: ბოგვერაძე ა., ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI–VIII საუკუნეებში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.

ა. ბოგვერაძე.


2).ადარნასე, ქართლის ერისმთავარი და კურაპალატი VIII ს. II ნახევარში. ნერსე ერისმთავრის მამა. იხსენიება იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამებაში“ (VIII ს.).

მან სავარაუდოდ, მოახერხა არაბებისგან განდგომა, კავშირის დამყარება ბიზანტიასთან, რის გამოც მიიღო კურაპალატის ტიტული.


3). ადარნასე ბაგრატიონი, ტაო-კლარჯეთის მთავრის აშოტ I დიდის მამა. ჯუანშერის ცნობით, VIII ს. II ნახევარში არჩილ მეფის ვასალი გახდა.

გარდაიცვალა კლარჯეთში.

ლიტ.: თაყაიშვილი ე., სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, თბ., 1949 (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27); მამულია გ., ფარნავაზიანთა და ბაგრატიონთა სახლთა ურთიერთობა VIII–IX საუკუნეთა მიჯნაზე, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1972, ტ. 67, №1.