თბილისი მარიოტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
19:17, 16 აპრილი 2020-ის ვერსია, Admin (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: 200px|thumb|left|სასტუმრო "თბილისი მარიოტი". (Tbilisi Marriott), უმაღლ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search
სასტუმრო "თბილისი მარიოტი".

(Tbilisi Marriott), უმაღლესი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. მდება­რეობს ქალაქის ცენტრში, შოთა რუსთაველის პროსპექტისა და გ. ჭან­ტურიას ქუჩის კუთხეში.


სასტუმრო აშენდა სომეხი მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით. მშენებლობა დაიწყო 1911 ა. ოზეროვის პროექტით. მშენებლობის პროცესში საჭირო გახდა პროექტის გადაკეთება. არქიტ. გ. ტერ-მიქელოვმა სასტუმროს ახ. პროექტი შეადგინა. მშენებლობა 1915 დასრულდა. იგი თავი­დანვე მაღალი კლასის სასტუმროდ იყო ჩაფიქრებული და მას "მაჟესტიკი" (ფრანგ. "დიდებული") დაერქვა. I მსოფ­ლიო ომის დროს სასტუმროში სამხ. ლაზარეთი განთავსდა, ხოლო გასაბ­ჭოების შემდეგ, 1921, იგი სა­ქართვ. პროფ. კავშირებს გადაეცა. სხვა­და­სხვა დროს შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო გამომც. "ტექნიკა და შრომა", წიგნების და ჩაის სპეციალიზებული მაღაზიები, სასტუმროს სარდაფის სართულში კი – კინოთეატრი "ლუქსემბურგი" (ყოფ. "მინიონი", შემ­დგომში – "თბილისი").


1935 გა­დაწყ­და შენობის რეკონსტრუქცია და მისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნება. 1939 წ. 14 თებერვალს სასტუმრო საექსპლუატაციოდ გადაეცა და ეწოდა "თბილისი". იგი თავდაპირველად ექვემდებარებოდა სსრკ უცხოეთის ტურიზმის სა­ხელმწ. კომიტეტს, შემ­დგომში კი – სააქციონერო საზ-ბა "ინტურისტს".


1991–92, თბილ. ომის დროს, სასტუმროს შენობა ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეიქმნა შოთა რუსთაველის პროსპექტისა და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენა-რეკონსტრუ­ქციის კო­მისია. რეკონსტრუქციის პროექ­ტი შეიმუშავეს არქიტ.-რესტავრა­ტორებმა გ. მეტრეველმა და ვ. ქურთიშვილმა. 1996-იდან შენობა "ჯი-ემ-თი ჯგუფის" კომპანია – "ჯი-ემ-თი სასტუმროების" მფლობელობაშია, რ-მაც განახორციელა სასტუმროს რეკონსტრუქცია და მის მართვაზე ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიოში სასტუმრო­ების მართვის ერთერთ ლიდერთან, ამერ. კომპანია "მარიოტ ინტერნეშენელთან". სასტუმრო გაიხსნა 2002 წ. 26 სექტემბერს და აქ "თ. მ." განთავსდა.


შვიდსართულიანი ნაგებობა გამოირჩევა მაღალი არქიტ.-მხატვრული ღირსებებით. გამოყენებულია კლასიკური ხუროთმოძღვრული მოტივები, შენობის ფასადის მრუდწირული კუთხე დღესაც მოხდენილად ერწყმის შოთა რუსთაველის პროსპექტს. მისი თავდაპირველი სახე შენარჩუნებულია. ამჟამად "თ. მ-ში" სხვა­და­სხვა კატეგორიის 127 ნომერია, აქედან 1 – ვიცე-საპრეზიდენტო და 2 – საპრეზიდენტო აპარ­ტამენტი; სასტუმროში არის 8 დარბაზი საკონფერენციო შეხვედრებისათვის, რ-თაგან 6 ქართველ მეფეთა (ფარნავაზის, მირიანის, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის) სახელს ატარებს, დანარჩენი 2 კი – წვეულებათა დარბაზი და სანადიმო ოთახია. ფუნქციონირებს ლობი ბარი "მაჟეს­ტიკი", კაფე და რესტორანი "პარნასი", ღია პათიო, ბიზნეს­ცენტრი, გამაჯანსაღებელი ცენტრი და სხვ. "თ. მ." აღჭურვილია უახლესი მოწყობილობებით.