აბულეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
14:05, 26 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, 217.147.224.6 (განხილვა) (ახალი გვერდი: 1).აბულეთი, კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII ს. I ნახევარში. აბუ...)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
Jump to navigation Jump to search

1).აბულეთი, კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XII ს. I ნახევარში.

აბულეთისძეთა საგვარეულოს ფუძემდებელი, დავით აღმაშენებლისა და დემეტრე I-ის სარდალი. 1110 გიორგი ჭყონდიდელის დისწულ თევდორესა და ივანე ორბელთან ერთად სარდლობდა ქართველთა ლაშქარს, რ-მაც თურქთაგან გაათავისუფლა სამშვილდე. 1124 დავით აღმაშენებელმა ა. და მისი ძე ივანე ანისის გამგებლად დანიშნა. უკანასკნელად იხსენიება 1130.

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

ნ. შოშიაშვილი.

2).აბულეთი, შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი მცხეთის მუნიციპალიტეტში.

სოფ. სათოვლის ჩრდ.-აღმ-ით, მაღალ ბორცვზე. შემორჩენილია გალავნის, 2 ეკლესიისა და სხვა სამონასტრო შენობათა ნაშთები. შედარებით უკეთაა შემონახული ეკლესიები. მთავარი ეკლესია, რ-იც ორი თაობის წინ დასახლებული ადგილ. მოსახლეობის გადმოცემით, წმ. გიორგის სახელობისაა, მდებარეობს ბორცვის შედარებით უფრო მაღალ ნაწილში. წარმოადგენს ერთნავიან ნაგებობას შვერილი აფსიდით. შესასვლელები სამხრ-იდან, ჩრდ-იდან და დას-იდან აქვს. მონასტერი და მთავარი ეკლესია XI ს-ით თარიღდება. მეორე (მომცრო) ეკლესია მდებარეობს მთავარი ეკლესიის ჩრდ.-დას-ით, შედარებით დაბალ ნაწილში, წარმოადგენს ერთნავიან ნაგებობას სწორკუთხედში ჩაწერილი აფსიდით. შესასვლელი ერთია – სამხრ-იდან. ორივე ეკლესია შემოსილია ტლანქად გათლილი სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის კვადრებით და ორივეში ჩანს ქართ. აგურით მერმინდელი შეკეთების კვალი. იქვე, მახლობლად, შუა საუკუნების ნასოფლარია. მონასტრის ტერიტორიაზე მიმოფანტულია უფრო ადრინდ. (შესაძლებელია, ანტ. ხანის) ნაგებობის ფრაგმენტები, ქვიშაქვის კანელურებიანი და სადა სვეტები, პროფილირებული ბაზისები და ვოლუტებიანი სვეტისთავები, რ-თა ნაწილები ორივე ეკლესიის წყობაშია ჩართული.

1965–66 ჩატარებულმა არქეოლ. დაზვერვამ ა-ის ბორცვის ჩრდ. ფერდობზე გამოავლინა გვიანდ. ანტ. ხანის კულტ. ფენა (წითლად შეღებილი კრამიტი, თიხის ჭურჭელი), მის სამხრ. ფერდობსა და მინდორზე კი – X – XIII სს. მინის სამაჯურებისა და კერამ. ნატეხები.

ლიტ.: ბადრიაშვილი მ., არქეოლოგიური ძეგლები სოფელ სათოვლედან, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1953, ტ. 17 B.

ი. გაგოშიძე.