არსენ ბერი, XI ს. II ნახ. და XII ს. I ნახევრის საქართველოს საეკლესიო და კულტურის მოღვაწე, მეცნიერი, მწერალი. დავით აღმაშენებლის 1123/24 ანდერძში მოხსენიებულია როგორც დავითის „სასო და განმანათლებელი ბერი“. დავითის მეორე ანდერძის სათაურში არსენი წოდებულია მეფის მოძღვრად. ამის საფუძველზე სამეცნ. ლიტ-რაში დამკვიდრდა თვალსაზრისი, რომ ა. ბ. იყო დავით აღმაშენებლის მოძღვარი. ეს თვალსაზრისი მცდარია: დავითის სულიერი მოძღვარი იყო არა ა. ბ., არამედ – იოვანე, როგორც ამას გვამცნობს დავითის პირველი ანდერძი. ამ ანდერძში ერთად იხსენიებიან ა. ბ. და იოვანე და მოძღვრად წოდებულია მხოლოდ ეს უკანასკნელი: „მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი და თვით სულიერმან ბერმან, მოძღუარმან ჩემმან იოვანე“. რაც შეეხება დავითის მეორე ანდერძის სათაურს, ის გვიანდელია და, საერთოდ, ეს ანდერძი მთლიანად ნაყალბევის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის, რომ დავითი პირველ ანდერძში ა. ბ-ს უწოდებს თავის „სასოსა და განმანათლებელს“, მოწმობს, რომ ა. ბ., როგორც გამოჩენილი მეცნიერი და სწავლული, მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის განათლება-განსწავლაში.
ა. ბ. XII ს. 20-იან წლებში დამკვიდრებული იყო შიომღვიმის მონასტერში. დავითის დავალებით მან აქ ააშენა ღვთისმშობლის ეკლესია, თარგმნა მისთვის შავი მთის სიმეონ მესვეტის მონასტრის ტიპიკონი, რ-იც დავით აღმაშენებელმა დაუმტკიცა წესდებად შიომღვიმეს. ა. ბ-მა განაწესა აგრეთვე შიომღვიმეში სიმეონ საკვირველთმოქმედის მონასტერი, რ-საც დავით აღმაშენებელმა, არსენის თხოვნით, შესწირა ხოდაბუნი მუხრანში.
XVIII–XX სს. მრავალი ავტორი (დავით რექტორი, პ. იოსელიანი, მ. საბინიანი, ა. ხახანაშვილი, მ. ჯანაშვილი, თ. ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ნ. ურბნელი, პ. ინგოროყვა) ა. ბ-ს აიგივებენ არსენ იყალთოელთან. ბოლო დროის მკვლევართაგან ამავე თვალსაზრისს ასაბუთებენ ი. ლოლაშვილი, ე. გაბიძაშვილი. ამ იგივეობას მკვლევართა ნაწილი (ს. კაკაბაძე, კ. კეკელიძე) არ იზიარებს. გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ ა. ბ. არის ავტორი „ქართლის ცხოვრებაში“ შესული დავით აღმაშენებლის ისტორიისა (ს. კაკაბაძე, კ. კეკელიძე, კ. გრიგოლია, ჯ. ოდიშვილი), რაც სრულიად გამორიცხავს ა. ბ-ისა და არსენ იყალთოელის იგივეობას: ეს უკანასკნელი დავითის ისტორიაში შემკობილია ისეთი განმადიდებელი ეპითეტებით, რასაც ავტორი თავის თავზე ვერ წარმოთქვამდა. რაც შეეხება დავით აღმაშენებლის ისტორიას („ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“), მისი ავტორი მართლაც მეფესთან დაახლოებული პირი ჩანს, რ-იც დამსწრე იყო მეფის ყოველდღიური ცხოვრების დეტალებისა. ასეთი პირი კი ალბათ დავითის სულიერი მოძღვარი იოვანე იყო.
ა. ბ. უნდა იყოს ავტორი დავითის ანდერძისა შიომღვიმის მონასტრისადმი, „რუის-ურბნისის საეკლესიო კრების“ ძეგლისწერისა, წმ. ნინოს ცხოვრების მეტაფრასული რედაქციისა (იხ. „ნინოს ცხოვრების“ რედაქციები).
ლიტ.: კაკაბაძე ს., დავით აღმაშენებლის მემატიანის ვინაობა, ტფ., 1913; ოდიშელი ჯ., დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ვინაობის საკითხისათვის, «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1963, ტ. 5. იხ. აგრეთვე სტ-თან არსენ იყალთოელი.
ნ. შოშიაშვილი