დავით IV (ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე)

დავით IV (ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1443/47–59. დ. IV მოიხსენიება 1447 დეკემბერში მეფე გიორგი VIII-ის მიერ შედგენილ ქართლ-კახეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში, სადაც მეფე ამტკიცებს ალექსანდრე I-ის მიერ სვეტიცხოვლისადმი ბოძებულ სიგელს, რ-ის თანახმად სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულები კახეთსა და ქართლში თავისუფლდებოდა გადასახადებისაგან. დ. IV-ის პატრიარქობის დროს მეფე გიორგი VIII-მ სვეტიცხოველს შესწირა ნიაბის ბოლოს მდებარე სოფ. გობნი და დაიწესა 6 აღაპი თავისთვის და თავის ძმის დიმიტრისათვის. 1454 დ. IV-მ კულუხის გამოსაღების წიგნი გადასცა და საწყაოს ოდენობა განუსაზღვრა ჯვარში მცხოვრებ მეკულუხეებს.

დ. IV-ის ზეობის დროს დაიწყო ერთიანი საქართვ. რღვევის პროცესი, რასაც თან დაერთო საეკლ. სეპარატიზმი. კუმურდოელი მღვდელმთავრის იოანესა და ანჩელი არქიმანდრიტის ქერობინის დ. IV-სადმი მიცემული ფიცის წიგნებიდან ირკვევა, რომ მაწყვერელი და სამცხის სხვა ეპისკოპოსები კათოლიკოსისგან „უჯუარო და შეუნდობელნი იყუნეს საფარის თავზედა"და ისინი მომავალში მცხეთის საყდრისადმი ერთგულების ფიცს სდებენ. პატრიარქის მტკიცე პოზიციამ აგრეთვე უკან დაახევინა ვარძიელ და საფარელ ბერებს, რომლებიც ბერძნ. ეკლესიის მღვდელმთავრების წაქეზებით, ლოცვებში პატრიარქებს აღარ მოიხსენიებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ისევ მცხეთის საყდრის წიაღს დაუბრუნდნენ.

წყარო და ლიტ. იხ. სტ-თან დავით V, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 

ზ. აბაშიძე