მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ეკლესია, მდებარეობს თბილისში, მტკვრის მარცხენა კლდოვან ნაპირზე, ძველ ისანში. წარმოადგენს გუმბათოვან ნაგებობას. თარიღდება 1278–89. გადმოცემის თანახმად, აქ უნდა ყოფილიყო თბილ. ერთ-ერთი უძველესი ძეგლი, რ-იც ვახტანგ გორგასალს აუგია V ს-ში. ვარაუდობდნენ, რომ ტაძარში დაკრძალულია ვარსქენ პიტიახშის წამებული მეუღლე შუშანიკი, მაგრამ წერილობით წყაროებში ეს ცნობა არ მოიპოვება. დოკუმენტური წყაროების არსებობის მიუხედავად მიიჩნევენ, რომ ამ ადგილას იდგა უფრო ადრინდელი ძეგლი – სასახლე ან ეკლესია, თუმცა, როდინდელი იყო არ ვიცით. გიორგი III-ისა და თამარის მეფობაში ეკლესიისა და იქვე სამეფო სასახლის არსებობა დადასტურებულია თამარის მეორე ისტორიკოსის (ბასილი ეზოსმოძღვარი) მიერ. 1235 მონღოლთა შემოსევის დროს სასახლე და, როგორც ჩანს, ეკლესიაც გადაწვა ციხისთავმა მუხასძემ. სასახლე XIII ს. შუა წლებში აღადგინა მესტუმრე ჯიქურმა, ეკლესია კი ხელმეორედ ააშენეს 1278–89. ჟამთააღმწერლის ცნობით, დემეტრე II თავდადებულმა „აღაშენა პალატსა შინა მონასტერი ისანთა საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობლისა და შეამკო განგებითა დიდითა..“. ეკლესიის გეგმა, (ოთხი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბოძი სამი შვერილით), უეჭველია, მანამდე არსებული ეკლესიის გეგმით არის ნაკარნახევი. XIII ს. ნაგებობისაგან გადარჩა მხოლოდ „გარსი“:  აღმ-ით და ჩრდ-ით – კედლები კამარების დონეზე, დას-ით – კედლის ქვემო ნაწილი, სამხრ-ით (მტკვრისკენ მიმართული) – კედლის აღმ. ნაწილი. XVI ან XVII (უფრო XVI)  ს-ში უნდა იყოს აღდგენილი აგურის ოთხივე ბოძი, დას. პატრონიკე, კამარები, გუმბათის ყელი, ხოლო XVIII ს-ში, ერეკლე II-ის დროს – სამხრ. კედლის  დიდი ნაწილი; არის XIX ს. ფენებიც. XVIII ს-ში მეტეხის ციხეში თურქების გარნიზონი იდგა. 1748 ერეკლე II-მ ბრძოლით აიღო ციხე და საბოლოოდ გააძევა დამპყრობლები, ეკლესია კი შეკეთდა და კვლავ ამოქმედდა. ამ ისტ. ფაქტის აღსანიშნავად ეკლესიის აღმ. ფასადის მარცხ. აფსიდზე ამოკვეთილია და დღემდეა შემონახული მხედრული წარწერა. XIX ს. საქართვ. რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, მეტეხის ძვ. ციხე დაანგრიეს და მის ნაცვლად საპყრობილე აღმართეს, რ-იც 1933 გაუქმდა. ერთ ხანს მის კორპუსში ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმი ფუნქციონირებდა. ამჟამად ეს შენობები დანგრეულია. ტაძარი არის ჩართული ძვ. თბილ. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში. ეკლესიის წინ, თბილ. 1500 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაიდგა ვახტანგ გორგასლის ძეგლი (მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. თ. კანდელაკი და დ. მორბედაძე). 1988 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს.

ლიტ.: ბერიძე ვ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტ. 2, თბ., 2014.

                                                                                                                                    თ. გერსამია