მეტრეველი სლავა კალისტრატეს ძე

მეტრეველი სლავა კალისტრატეს ძე (30. V. 1936, სოჭი, — 7. I. 1998, თბილისი), სპორტსმენი (ფეხბურთი, თავდამსხმელი), მწვრთნელი. თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვ. გარემარბი მსოფლიოში. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1960); სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1966); საქართვ. დამს. მწვრთნელი (1976). ევროპის ჩემპიონი (1960, ფინალურ მატჩში გოლის ავტორი) და მეორე ადგილის მფლობელი (1964). სსრკ ორგზის ჩემპიონი (მოსკოვის „ტორპედო“, 1960; „თბილისის დინამო“, 1964), ორგზის მეორე (1957, 1961) და სამგზის მესამე პრიზიორი (1967, 1969, 1971); სსრკ თასის მფლობელი (1960); სსრკ (1958–70, 48 მატჩი, ათი გოლი) და ოლიმპიური (4 მატჩი, ერთი გოლი) ნაკრებების წევრი. სამი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (1962, 1966, 1970; ბოლო ჩემპიონატზე იყო სათადარიგო შემადგენლობაში) მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე პრიზიორი (1966, მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში გაიტანა გოლი).  მიწვეული იყო ფიფა-ს ნაკრების ბრაზილიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში (1968).

თამაში დაიწყო სოჭისა და ადლერის ფეხბურთის გუნდებში, საიდანაც მიიწვიეს მოსკოვის „ტორპედოში“ (1956–62). შემდეგ თამაშობდა თბილ. „დინამოში“ (1963–71; გუნდის კაპიტანი – 1967–71). 1964 მონაწილეობა მიიღო თბილისის დინამოსა და მოსკოვის  „ტორპედოს“ შორის გამართულ „ოქროს მატჩში“, სადაც გაიტანა ერთი გოლი. სსრკ წლის საუკეთესო 33 ფეხბურთელთა სიაში რვაჯერ დასახელდა პირველ (1958—1962, 1964, 1965, 1968) და ერთხელ მეორე (1957) ადგილზე.

დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1972). იყო ნ. ახალკაცის თანაშემწე (1976–77).

მ. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად. გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად იგი (მ. მესხისა და ბ. პაიჭაძის შემდეგ) დასახელდა საქართვ. XX ს. მესამე საუკეთესო ფეხბურთელად (1998).  მ-ის სახელობისაა სოჭის ცენტრ. სტადიონი, სადაც გახსნილია მემორიალური დაფა, იქვე „რუსეთში ქართველთა კავშირის“ თაოსნობით დაიდგა ძეგლი (2014). თბილისში არის  მ-ის სახ. ქუჩა. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996).