არისტოტელე

არისტოტელე (Aristotelēs) (ძვ. წ. 384–322), ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი, პლატონის მოწაფე. დაიბადა ქ. სტაგირაში. 339–336 ა. ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი იყო. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი), რ-იც ცნობილია პერისპატეტიკური სკოლის სახელით. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ ა. გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ევბეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. ა-ს ნაშრომთა სრული კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491–98. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831–70. ა-ს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით.

ა. ლოგიკის, ესთეტიკისა და შემეცნების თეორიის, როგორც მეცნიერებების, შემქმნელია. მან არსებითი წვლილი შეიტანა ფიზიკის, ბიოლოგიის, საზ-ბის შესახებ მოძღვრების, ხელოვნ. თეორიის, პედაგოგიკისა და ეთიკის განვითარებაში. მისი შეხედულებების შესწავლა დღესაც ახ. ნაყოფიერ იდეებს სთავაზობს თანამედროვე მეცნიერებას. ა-ს ენციკლოპედიური სისტემა ემყარება წმინდა ფორმის, როგორც აზროვნების და მატერიის, როგორც წმინდა შესაძლებლობის, მიმართებას. მათ გარდა ყოველივე ფორმისა და მატერიის ერთიანობაა, შეადგენს კოსმოსს, რ-შიც ტელეოლოგიზმს მხოლოდ საბოლოო ანგარიშით ემორჩილება მატერიიდან გამომდინარე ბრმა აუცილებლობა. ქართ. კულტურაზე ა-ს გავლენა იწყება IV ს. კოლხეთის ნეოპლატონური სკოლიდან (ყაუხჩიშვილი ს., ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, 1973, გვ. 89–90). ნეოპლატონიკოსები პორფირიოსის შემდეგ დიდ ყურადღებას აქცევდნენ ა-ს, ხოლო ამ სკოლაში განსწავლულ თემისტიოს პაფლაგონიელს ზოგი პერიპატეტიკოსადაც თვლის. XI – XII სს-ში არსენ იყალთოელის თარგმანებსა და იოანე პეტრიწის კომენტარებში ა-ს მოძღვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხია განხილული. ამ პერიოდის ქართ. აზროვნებაში ჩანს ბრძოლა ა-სა და პლატონის მომხრეთა შორის. არსენ იყალთოელი ა-ს ანიჭებს უპირატესობას, იოანე პეტრიწი – პლატონს. იგი ა-გან მხოლოდ იმას იღებს, რაც პლატონის პრინციპებს ეთანხმება. მისთვის ა. ადამიანური სიბრძნის მწვერვალია, მაგრამ მისი გაკრიტიკება შესაძლებელია. პლატონი კი ღვთაებრივია. პეტრიწი თვლიდა მისთვის თანამემამულეებს ხელი რომ შეეწყოთ, იგი შეძლებდა „ეარისტოტელურა“, ე. ი. პლატონის თეოლოგია ა-ს ლოგიკის დახმარებით წმინდა სახით დაეფუძნებინა. ჩახრუხაძე „თამარიანში“ ა-ს ამქვეყნიური უმაღლესი სიბრძნის მფლობელად აცხადებს. შავთელი ლაპარაკობს პერიპატეტიკოსთა მნიშვნელობაზე. ნათელია ა-ს გავლენა რუსთაველზე. ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონში ა-ს „კატეგორიები“ საერთოდ ფილოსოფოსობის შესავლად ცხადდება. ს. დოდაშვილი თავის „ლოგიკაში“ ეთანხმება ი. კანტის აზრს, რომ ა-მ პირველმა და თანაც საბოლოო სახით განსაზღვრა ლოგიკის არსი და მისი საზღვრები. ა-ს ფილოსოფიის შესახებ საინტერესო კონცეფციები შეიმუშავეს შ. ნუცუბიძემ (პოსტულატის არისტოტელესეული გაგება, თხზ., ტ. 1, გვ. 125), მ. გოგიბერიძემ (სინთეზური მსჯელობის საწყისები არისტოტელესთან, თხზ., ტ.1, გვ. 336), ს. დანელიამ (არისტოტელე და ფილოსოფიის ისტორია, როგორც მეცნიერება, სტ. „არისტოტელე, როგორც ფილოსოფიის ისტორიკოსი“, 1923), კ. ბაქრაძემ (არისტოტელეს სილოგისტიკის გარდაუვალობის დასაბუთება, საკავშ. დისკუსია, 1951), ს. წერეთელმა (დასკვნის სინთეზურობა არისტოტელესთან, დიალექტიკური ლოგიკა, 1965, გვ. 763). ქართვ. ლოგიკოსები: ზ. მიქელაძე, ლ. მჭედლიშვილი, მ. ბეჟანიშვილი და სხვ. სისტემურად იკვლევენ ა-ს ლოგიკის პრობლემებს. ა-ს შესახებ გამოკვლევათა ავტორები არიან თ. კუკავა, მ. ჭელიძე, დ. ჯოხაძე. 1979–87 ყოველ სამ წელიწადში თბილისსა და წალკაში თსუ-ის ბაზაზე იმართებოდა საკავშ. სამეცნ. სიმპოზიუმი – „არისტოტელური კითხვანი“, რ-იც არ ისაზღვრებოდა არისტოტელური თემატიკით; იგი მოიცავდა ლიტ-რის, მითოლ., რელიგ. და ფილ. თანამედროვე აქტუალურ პრობლემებს. 1983 თბილისში ჩატარდა საკავშ. სიმპოზიუმი „არისტოტელეს ლოგიკა“ (იხ. აგრეთვე სტ. არისტოტელიზმი).

ა-ს კავკასიისა და სკვითიის ისტორია-ეთნოგრაფიის შესახებ ჰქონდა სპეც. თხზულება „ბარბაროსთა ზნე-ჩვეულებანი“. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მის ზოგ სხვა ნაწარმოებში დაცულია შემთხვევითი, მაგრამ დიდად მნიშვნელოვანი ცნობები საქართველოს შესახებ. მაგ., „მეტეოროლოგიაში“ ორჯერ ახსენებს (350, 351, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ეგრეთწოდებული სიღრმეები“) შავი ზღვის სამხრ.-აღმ. სანაპიროზე, რაც უნდა იყოს უძველესი წერილობითი ცნობა „ბათუმის“ შესახებ. „ცხოველთა ისტორიაში“ (III, 21) ლაპარაკია ფასისის ძროხებზე, რ-ებიც ზომით მცირენი არიან, მაგრამ ბევრს იწველიან (ხოლო ეპირისა – დიდები და ცოტას კი იწველიან). ეს ცნობა იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოში ადრევე იცოდნენ საქონლის მოვლა, რაც გარკვეული კულტ. დონის მაუწყებელია და რაც ცნობილი იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. იმავე ნაწარმოებში (V, 22) არის დაწვრილებითი ცნობები პონტოს ფუტკრისა და თაფლის შესახებ. თხზულება „პოლიტიები“ თუ პირადად ა-სი არ არის, მისი სკოლიდან მაინც არის გამოსული. „პოლიტიებში“ შედის „ფასისელთა სახელმწიფო წყობილების“ პატარა ფრაგმენტიც (XVIII), რ-შიც ვკითხულობთ: „ფასისში თავდაპირველად ჰენიოხები ცხოვრობდნენ... (აქ უთუოდ აკლია „მერე კოლხები“), შემდეგ კი მილეტელები. ესენი სტუმართმოყვარენი არიან, ისე რომ ამარაგებენ მათ, ვისაც გემები ეღუპებათ. ესენი 3 მნას აძლევენ (მილეტელებს) და ზღვითვე მიემგზავრებიან“. ეს ცნობა მნიშვნელოვანია ფასისში მოსახლე ტომების, ამ პუნქტში საზღვაო სამართლებრივი კანონისა და ფასისისა და მილეტის ურთიერთობის თვალსაზრისით. ა-ს თხზულებათა ერთ-ერთ ფრაგმენტში (83) ფასისიდან მოსული ხალხი ათენშია და მათ საზ-ბაში ატარებს დროს ათენელი სახ. ორატორი. ამ ცნობის მიხედვით, ფასისელებს უეჭველად საქმიანი (სავაჭრო) ურთიერთობა ჰქონდათ ათენელებთან. ა. „იბერებს“ ჩვეულებრივ ესპანეთის მკვიდრთ უწოდებს. მაგრამ „პოლიტიაში“ (1324) გვაქვს ისეთი მოხსენიება იბერებისა, რომ სრულიად შესაძლებელია ეს ცნობა საქართვ. იბერებს ეხებოდეს, მით უმეტეს, რომ ქართ. ეთნ. მონაცემები მას უჭერენ მხარს. ამ ცნობის მიხედვით, იბერები მეომარი ტომია და კაცის საფლავის ირგვლივ იმდენ ობელისკს არჭობენ, რამდენი მტერიც ჰყავს მას მოკლული. ნაწარმოები „საოცარ ამბავთა შესახებ“ ტრადიციულად ა-ს სახელს უკავშირდება, თუმცა იგი არიანეს დროს უნდა იყოს შექმნილი. მასში დაცულია დაწვრილებითი ცნობები ხალიბური რკინისა და მოსინიკური სპილენძის თვისებების, ღირსებებისა და დამუშავების წესების შესახებ (833 b). ძვ. წ. III – II სს-ში შეთხზული „პეპლოსი“ ა-ს მიეწერება. 43 ფრაგმენტს წარმოადგენს „ოქრომრავალი კოლხების“ მეუფის, აიეტის, ეპიტაფია. კოლხების იმ ეპითეტით მოხსენიება, რ-ითაც ხასიათდებიან იმდროინდელ მსოფლიოში სიმდიდრით განთქმული ქ-ები და პირები, იმის მაუწყებელია, რომ ავტორი კოლხებს ძლიერ და მდიდარ ხალხად მიიჩნევს.

თხზ.: პოეტიკა, თარგმ. და კომენტ. ს. დანელიასი, თბ., 1944; მეტაფიზიკა, თარგმ. და კომენტ. თ. კუკავასი, თბ., 1964; რიტორიკა, თარგმ. და კომენტ. თ. კუკავასი, თბ., 1981.

ლიტ.: გოგიბერიძე მ., რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი, ტ. 3, თბ., 1972; დანელია ს., ნარკვევები ანტიკური და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, თბ., 1978; ნუცუბიძე შ., შრომები, ტ. 1, თბ., 1973; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი  თ., საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბ., 1976; ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973; წერეთელი ს., ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში, ტ. 2, თბ., 1986; Логика Аристотеля. Материалы всесоюзного симпозиума 16–17 ноября 1983 г., положения логики Аристотеля, წგ.: Аристотель, Соч., т. 2, М., 1978, с. 5–50.

 

გ. თევზაძე

თ. ყაუხჩიშვილი