არისტოტელიზმი

არისტოტელიზმი, არისტოტელეს ფილოსოფიის ძირითადი პრინციპების ამა თუ იმ სახით აღიარება და გაზიარება. ა. ფილოსოფიის და საერთოდ კულტ. ისტ. არსებითი ასპექტია. არისტოტელეს გავლენა განიცადა პერიპატეტიკოსთა სკოლამ, არაბულმა ფილოსოფიამ. აღმოსავლეთის სქოლასტიკაში ა. ნეოპლატონიზმსა და არეოპაგიტიკასთან ერთად გავრცელდა, დასავლეთში კი ერთპიროვნულად გაბატონდა XIII ს-იდან.

საქართველოში ა-ის გავლენა IV ს-იდან დასტურდება (კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა), უმაღლეს წერტილს აღწევს XI–XII სს-ში. არსენ იყალთოელი არისტოტელიკოსია, მთავარ ყურადღებას არისტოტელეს ლოგიკურ შრომებს აქცევს, როგორც თეოლოგიისათვის გამოსადეგს (ლოლაშვილი ი., არსენ იყალთოელი, 1978). ხოლო იოანე პეტრიწი გვთავაზობს ნეოპლატონურად გაგებული პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებათა სინთეზის საინტერესო ვარიანტს: არისტოტელეს მიერ ამქვეყნიური სინამდვილის კვლევა სანიმუშოა, აუცილებელია მისი სილოგისტიკაც, მაგრამ უარსაყოფია ის, რაც მასში პლატონის მოძღვრებას უპირისპირდება. უფრო მკაცრია პეტრიწი არისტოტელეს კომენტატორების, კერძოდ ალექსანდრე აფროდისიელისა და სხვათა მიმართ. ამავე პერიოდში საქართველოში ითარგმნება არისტოტელესა და მისი კომენტატორების შრომები. არისტოტელეს მოძღვრების გავლენა საერო პოეზიაშიც აისახება (მაგ., ჩახრუხაძე „თამარიანში“, პეტრიწისაგან განსხვავებით, სიბრძნის მწვერვალად არისტოტელეს მიიჩნევს და არა პლატონს). არისტოტელეს პეტრიწისეული შეფასება ჩანს ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონში და ანტონ კათალიკოსთან, თუმცა იგი მეცნ. ახ. მიღწევების საფუძველზე არისტოტელეს აკრიტიკებს კიდეც. ს. დოდაშვილი თავისი ფილოს. კურსის პირველ ნაწილში („ლოგიკა“) ლოგიკის ისტ. საკუთარ კონცეფციაში საინტერესოდ აანალიზებს არისტოტელესა და ა-ის წვლილს ლოგიკის განვითარებაში. შ. ნუცუბიძე ნაშრომში – „ბოლცანო და მეცნიერების თეორია“ (1913) ქმნის არისტოტელეს მოძღვრების შეფასების საკუთარ კონცეფციას, რ-საც თანდათან ავითარებს შემდეგ წლებში. თანამედროვე დონეზე არისტოტელეს კრიტ. ათვისების ნიმუშია ს. დანელიას ნარკვევი – „არისტოტელე როგორც ფილოსოფიის ისტორიკოსი“ (1923), რ-ის რიგი დებულებები მოგვიანებით იქნა წამოწეული დასავლეთის ფილოს. ისტ. კვლევაში. კონცეპტუალური თვალსაზრისით არისტოტელეს მოძღვრების ანალიზისათვის ნაყოფიერი დებულებები შექმნეს მ. გოგიბერიძემ და ს. წერეთელმა. არისტოტელეს და ა-ის სხვადასხვა ასპექტს საქართველოში იკვლევენ შ. ხიდაშელი, ზ. მიქელაძე, მ. ჭელიძე, თ. კუკავა, თ. დოლოძე და სხვ.

ლიტ.: ბაქრაძე კ., ახალი ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1969; გოგიბერიძე მ., ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1941; ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1 – 2, თბ., 1956–58; ჭელიძე მ., ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერების სათავეებთან (პლატონი, არისტოტელე), თბ., 1982; Зубов В. П., Аристотель, М., 1963.

გ. თევზაძე