მესვეტეობა

მესვეტეობა, ქრისტიანული ასკეტური მოღვაწეობის სახეობა, რომლის დროსაც ასკეტი ბერი მაღალ სვეტზე დაყუდებული ლოცვით გამოხატავს ღვთის ერთგულებასა და თაყვანისცემას. მ. ადრეული საუკუნეებიდან გავრცელდა ქრისტ. აღმოსავლეთში. ცნობილი მესვეტეები არიან არქიმანდრიტები – სვიმეონი (გ. 459) და სვიმეონ უმცროსი (საკვირველმოქმედი, 521–597).  ეს უკანასკნელი კურნებისა და სასწაულმოქმედების ნიჭით გამოირჩეოდა, რის გამოც მასთან ანტიოქიაში, შავ მთაზე სხვა ქვეყნებიდანაც მიდიოდნენ დასამოწაფებლად და განსაკურნებლად. მ. შ. იყვნენ ქართველები, რ-თა შესახებ მოგვითხრობს წმ. სვიმეონის ცხოვრება. საეკლ. ტრადიციის თანახმად, ასურელმა მამებმა – იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა – ქართლში გამომგზავრების წინ სწორედ სვიმეონ მესვეტისაგან აიღეს კურთხევა. საქართველოში წმ. სვიმეონის პოპულარობას ადასტურებს ქართულ ტაძრებში მისი სახის რელიეფური გამოსახულებების (ოშკი, ზედაზნისა და შიომღვიმის კანკელები, ლაღამის ჭედური ხატი) სიმრავლე, ასევეა კედლის მონუმენტურ მხატვრობაშიც  (დავითგარეჯი, ზემო კრიხი, უბისა, ვარძია, გელათი). კიდევ ერთმა ცნობილმა მესვეტემ, ასურელმა მამამ ანტონ მარტყოფელმა ცხოვრების ბოლო თხუთმეტი წელი საგანგებოდ მისთვის აგებულ მაღალ სვეტზე  გაატარა. იგი  მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმებისათვის რჩევის მისაცემად, დასარიგებლად და ღვთისმსახურების აღსასრულებლად, ასევე ადრინდ.  შუა საუკუნეებში კაცხის სვეტზე (ჭიათურის მუნიციპ.) მესვეტეთათვის აიგო ეკლესია.

                                                                 ზ. ეკალაძე