მეზოეკონომიკა

მეზოეკონომიკა (ბერძნ. Mesos – შუალედური, საშუალო), ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც იკვლევს ქვეყნის ეკონომიკის ქვესისტემებს. არსებობს მ-ის ორგვარი ინტერპრეტაცია: პირველი ეკონომიკის ქვესისტემაში გულისხმობს რეგიონის ეკონომიკას, მეორე – ეკონ. კომპლექსების ეკონომიკას.

მ. წარმოიშვა XIX ს. ბოლოს, ქვეყნების ეკონომიკისა და ეკონ. მეცნიერების განვითარების იმ ეტაპზე, როცა პრაქტიკამ განაპირობა ეკონ. ქვესისტემათა შესწავლის აუცილებლობა და მოიცავს იმ საკითხებს, რ-ებიც არაა მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკისა და მეგაეკონომიკის შესწავლის საგანი. შესაბამისად, განცალკევდა რეალური ეკონომიკის გარკვეული ნაწილი, როგორც კვლევის ობიექტი. ეს განაპირობა წარმოების კონცენტრაციის საფუძველზე მსხვილი საწარმოების, მათი ფილიალებისა და საწარმოთა კავშირების განვითარებამ. მ-ის ინტერესის სფეროში მოექცა წარმოების ტერიტ. კომპლექსების ფორმირების საკითხები, რამაც უნდა უზრუნველყოს ეკონ. რესურსების ეკონომია, დასაქმება, მიგრაციულ პროცესებზე ზემოქმედება, ეკონ. სტაბილურობის ხელშეწყობა. გაჩნდა სამრეწვ., აგრ.-სამრეწვ., სატრანსპ. ცენტრები, კომპლექსები შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასეთი ეკონ. ქვესისტემების წარმოქმნა ეკონ. საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საფუძვლად დაედო წარმოების ტერიტ. ორგანიზაციის სრულყოფასა და განვითარებას, რაც ასევე უზრუნველყოფს დანახარჯების ეკონომიას როგორც წარმოების, ისე გასაღებისა და ტრანსპორტირების სფეროებში.

ამ დარგის მკვლევართა პირველ თაობას მიეკუთვნებიან გერმ. ეკონომისტები: ი. შუმპეტერი, ი. ტიუნენი, ა. ვებერი, ა. ლიოში; ასევე ამერ. უ. აიზარდი, ფრანგი ჟ. შარდონე და სხვ. თანამედროვე მკვლევართა შორის მ-ის პრობლემების ცალკეული ნაწილების შესწავლას ეძღვნება ამერ. ვ. ლეონტიევის, ვ. ტომპსონის, ტ. პალანდერის, ხ. არმსტრონგის, დ. ტეილორის და სხვათა ნაშრომები.

საქართველოში მეზოეკონომიკური კვლევის ფესვები შეიძლება ვიპოვოთ ჯერ კიდევ XVIII ს. ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.

XX ს. შუა ხანებში საქართვ. რეგიონების ეკონ. მდგომარეობა და განვითარების პრობლემები ასახული იყო ეკონომგეოგრაფების – გ. გველესიანის, გ. გეხტმანისა და მათი თანამშრომლების ნაშრომებში.

მეზოეკონომიკური კვლევები ფართოდ გაიშალა XX ს. 60-იანი წლებიდან სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (შემდგომ ეკონ. სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოც. პრობლემების ინ-ტი). აქ სპეციალურად შეიქმნა ქვეყნის რეგიონების ეკონ. და სოც. განვითარების, დარგობრივ-ტერიტორიული კომპლექსების შემსწავლე-ლი განყ-ბები (თბილისის, აფხაზეთის, აჭარის, სამხრ. ოსეთის, თელავის, ქუთაისის, ახალციხის, ზუგდიდის, გორის, ოზურგეთის), რ-ებიც შემდგომ გარდაიქმნა რეგიონულ კვლევით ცენტრებად, სადაც შეისწავლიდნენ მათ ეკონ. და სოც. დონეს და შეიმუშავებდნენ პერსპექტიული განვითარების კონკრეტულ წინადადებებს. ამ კვლევების საფუძველზე ხდებოდა რეგიონულ ჭრილში საქართვ. რესპ. ეკონ. და სოც. განვითარების დირექტიული გეგმების, შემდგომ კი _ დამოუკიდებელი საქართვ. ხუთწლიანი და ყოველწლიური ინდიკატიური გეგმების შედგენა. ამასთან ერთად, რეგიონის ხელისუფლების დაკვეთით იქმნებოდა სპეციალისტთა ჯგუფები და მუშავდებოდა ცალკეული ქალაქებისა და რ-ნების ეკონ. და სოც. განვითარების კომპლ. პროგრამები.

საგულისხმოა, რომ ვ. მელქაძის სახ. ეკონ. და სოც. პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ძალისხმევით შეიქმნა და გამოსაცემად მომზადდა მრავალტომიანი ნაშრომი „საქართველო 2000–რეგიონები“ (15 ტომი), რ-იც იყო საქართვ. რეგიონების ეკონ. და სოც. განვითარების კომპლ. პროგრამის მეცნ. ბაზა გრძელვადიანი პერიოდისათვის. XX ს. 80-იან წლებში გამოიცა 8 ტომი. ნაშრომი ემყარებოდა ინ-ტში ჩატარებულ მრავალწლიან კვლევებს, ასახავდა საქართვ. რეგიონების სოც.-ეკონ. განვითარების არსებულ მდგომარეობას და შეიცავდა პერსპექტიული განვითარების წინადადებებს გრძელვადიანი პერიოდისათვის.

საქართველოში მეზოეკონომიკური კვლევების სფეროში თავისი წვლილი შეიტანეს ქვეყნის წამყვანმა მეცნიერ-ეკონომისტებმა: ი. მიქელაძემ, ვ. მელქაძემ, ნ. ჭითანავამ, გ. მალაშხიამ, დ. მოურავიძემ, გ. ყუფუნიამ, ნ. სანთელაძემ, ბ. ნანიტაშვილმა, თ. ჩიკვაიძემ და სხვებმა.

სოფლის მეურნეობისა და მთლიანად აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარების რეგიონული ასპექტები, მ. შ. საქართველოში აგროკლიმატური ზონების ფორმირების საფუძვლები, მუშავდებოდა სოფლის მეურნეობის ეკონ. და ორგანიზაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. ასეთი ზონების ჩამოყალიბება ითვალისწინებდა სას.-სამ. კულტურებისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების რაციონალურ ტერიტ. გაადგილებასა და ეფექტიანობის გაზრდას. ამ სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ პ. ჟღენტი, ვ. ბურკაძე, ო. ქეშელაშვილი და სხვები.

ამჟამად საქართვ. ტერიტორიული მოწყობის ცვლილებებთან და ადგილ. თვითმმართველობის განვითარებასთან ერთად აქტუალური გახდა რეგიონული განვითარების სახელმწ. პოლიტიკა. რეგიონული და მუნიციპ-ების საშუალოვადიანი განვითარების პროგრამები ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია ქვეყნისა და მისი ტერიტორიების თანაბარზომიერი და მდგრადი განვითარების პოლიტიკის მიზნების მისაღწევად და განსაზღვრავს ამოცანებს, სამოქმედო პრიორიტეტებსა და განვითარების შესაბამის ღონისძიებებს.

ლიტ.: მიქელაძე ი., ტერიტორიული დაგეგმვის პრობლემები, თბ., 1980; საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა: მიღწევები, პრობლემები, პერსპექტივები, თბ., 1975; ჭითანავა ნ., საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები, თბ., 2012.

გ. მალაშხია